ყოფილა შემთხვევები, როცა დამსაქმებელი დასაქმებულს საპენსიო სისტემაში შენატანებს არ უდეკლარირებს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში მიმდინარე განხილვისას, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ დეპუტატ ირმა ზავრადაშვილის კითხვაზე პასუხად განაცხადა.
ზავრადაშვილი დაინტერესდა, დაფიქსირებულა თუ არა შემთხვევა, როდესაც დამსაქმებელმა დასაქმებულს საპენსიო სისტემაში სავალდებულო 2%-იანი შენატანის გამო ხელფასი დააკლო, რაზეც ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევით დასაქმებულს საპენსიო სააგენტოსთვის არ მიუმართავს.
„ეს დამსაქმებლის და დასაქმებულის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში არავის მოუმართავს და არ უთქვამს, რომ დამსაქმებელმა დაუკლო ხელფასიდან 2%. თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა დამსაქმებელი დასაქმებულს არ უდეკლარირებს თავის შენატანებს ჩვენს სისტემაში. ანუ, დასაქმებულს ეჭრება თავისი 2% და დამსაქმებელი, დაგვიანებით ან საერთოდ არ უდეკლარირებს. ამის გადაჭრის გარკვეული გზები გვაქვს, შემოსავლების სამსახურთან სისტემა ავაწყვეთ და შედარებას ვაკეთებთ უკვე ყოველთვიურად. მას დამსაქმებელიც ნახულობს და დასაქმებულიც. ასევე, დღეს მოქმედი კანონის მიხედვით, შემოსავლების სამსახურს ვაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დამსაქმებელი არ ასრულებს ვალდებულებას. სამომავლოდ კი, ამაზე პასუხისმგებელი საპენსიო სააგენტო იქნება, რომელიც დააჯარიმებს, მანამდე კი შეტყობინებას და გაფრთხილებას გაუგზავნის დამსაქმებელს“, - განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.