მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არის სხვადასხვა მექანიზმი" - "რითეილ ასოციაცია" პროდუქტის გაიაფებაზე "ოცნების" ინიციატივას მიესალმება

სოფო ქაშაკაშვილი

"რითეილ ასოციაცია" სასურსათო პროდუქტების გაიაფებაზე "ქართული ოცნების" ინიციატივას მიესალმება და იმ მექანიზმებს ასახელებს, რომლითაც ფასების შემცირებაა შესაძლებელი - ამის შესახებ ასოციაციის გენერალურმა დირექტორმა სოფიო ქაშაკაშვილმა "ოცნების" პრემიერ ირაკლი კობახიძესთან სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, მერიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პირველმა შეხვედრამ დიალოგის რეჟიმში ჩაიარა, თუმცა კონკრეტული საკითხები არ გამოკვეთილა, მათ შორის არც ის გეგმა, რომლითაც მთავრობა პროდუქტის გაიაფებას აპირებს.

"პრემიერის ინიციატივა ძალიან მისასალმებელია იმ კუთხით, რომ, როგორც მომხმარებელი, ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს საკუთარ თავზე და, რა თქმა უნდა, თუ რაღაცა შესაძლებლობა გამოჩნდება და ფანჯარა იქნება, რაც დაარეგულირებს ამ მიმართულებას, ჩვენც მივესალმებით.

იქიდან გამომდინარე, რომ დღეს პირველი შეხვედრა იყო, ჩატარდა ძალიან საქმიანი შეხვედრა. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე, გავშალეთ ციფრები, მიზეზშედეგობრივი კავშირები. ჩვენი ასოციაციის წევრები და არა მარტო, ყველა აბსოლუტურად გამჭვირვალედ არის მზად, რომ ნებისმიერი ციფრი გაიაროს უკვე ინდივიდუალურ და ჯგუფურ რეჟიმშიც. ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და შემდეგ გაირკვევა ზუსტად, საიდან მოდის ეს ყველაფერი, რატომ არის რაღაც რიცხვი უფრო მაღალი ან უფრო დაბალი. ეს იყო ძალიან კონსტრუქციული, ორმხრივი დიალოგი. დაისვა კითხვები ჩვენი მხრიდანაც. დღეს იყო მხოლოდ პირველი შეხვედრა და არაფერი კონკრეტული არ გამოგვიკვეთია", - ამბობს სოფიო ქაშაკაშვილი მედიასთან.

ასოციაციის ხელმძღვანელმა იმ მექანიზმებზეც ისაუბრა, რომლებიც, მისი აზრით, სურსათზე ფასებს დაარეგულირებს. როგორც მან აღნიშნა, მთავრობის მხრიდან საცალო ვაჭრობის კომპანიებისთვის შეღავათების დაწესებაზე საუბარი არ ყოფილა.

"ჩვენს სექტორს გვისაუბრია სხვადასხვა ისეთ გამოწვევებზე, რაც საბოლოოდ სხვადასხვანაირად აისახება სურსათის ფასზე. დღესაც გაჟღერდა, რომ აუცილებლად უნდა წახალისდეს ადგილობრივი წარმოება და სახელმწიფო მზად არის, რომ ამაში მიიღოს მონაწილეობა. გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში, თუმცა პირველივე შეხვედრაზე გამიჭირდება, რომ რაღაც კონკრეტული გითხრათ. შეღავათების თემაზე არანაირი საუბარი არ ყოფილა.

ზოგადად არის სხვადასხვა მექანიზმი: საგადასახადო პოლიტიკის ლოიალობა, საბანკო სისტემის შეღავათები. მოგეხსენებათ, რომ საკმაოდ მაღალი გადასახადებია საბანკო ბარათით ტერმინალზე გადახდისას, რაზეც პარლამენტში კანონპროექტი უკვე შესულია და ვნახოთ..." - განაცხადა სოფიო ქაშაკაშვილმა.

ირაკლი კობახიძე დღეს სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებს შეხვდა. გუშინ კი "ოცნების" მთავრობაში პრემიერის ხელმძღვანელობით "ფასების კომისიის" პირველი სხდომა გაიმართა. უწყების ცნობით, კომისიის წევრებმა სხდომაზე განიხილეს მომდევნო კვირების სამოქმედო გეგმა. მათ შორის, დაგეგმილია შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები