ბრიტანულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Arm Holdings-მა, 35-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე პირველად, საკუთარი წარმოების პროცესორი, სახელწოდებით AGI CPU წარადგინა.
მონაცემთა ცენტრებისთვის განკუთვნილი ახალი ჩიპის პირველი ოფიციალური მომხმარებელი Meta გახდა, რომელთანაც პარტნიორობა სან-ფრანცისკოში გამართულ ღონისძიებაზე დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ Arm-ი აქამდე მხოლოდ ჩიპების არქიტექტურის ლიცენზირებით იყო დაკავებული და ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობდა, როგორებიც Apple და Nvidia არიან. ამ ახალი ნაბიჯით კი ის საკუთარ კლიენტებთან პირდაპირ კონკურენციაში შედის.
როგორც ირკვევა, ახალი პროცესორი სპეციალურად ხელოვნური ინტელექტის ოპერაციებისთვის არის ოპტიმიზებული და 3-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით TSMC-ის ქარხნებში იწარმოება. Meta-ს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრის, პოლ სააბის განცხადებით, Arm-ის ჩიპი მათ მიწოდების ჯაჭვის დივერსიფიკაციისა და ენერგოეფექტურობის გაზრდის საშუალებას მისცემს. ეს კი კომპანიის მასშტაბური მონაცემთა ცენტრებისთვის კრიტიკულად მიიჩნევა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ Arm-ის პროდუქციის შეძენის სურვილი Meta-ს გარდა, კიდევ შვიდმა მსხვილმა მოთამაშემ, მათ შორის OpenAI-მ და SAP-მა გამოთქვა.
შეხსენებისთვის, Meta მიმდინარე წელს კაპიტალურ დანახარჯებზე $135 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს, რისი ერთ-ერთი მიზანიც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის გაძლიერებაა. ანალიტიკოსების პროგნოზით, თუ Arm-ი Meta-ს ამ ბიუჯეტის მხოლოდ 5%-ის ათვისებას შეძლებს, ეს კომპანიის შემოსავლებისთვის გარდამტეხი იქნება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თავად Arm-მა ჩიპის შესაქმნელი ახალი ლაბორატორიის მოსაწყობად მხოლოდ $71 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად იქ 1 000-ზე მეტი ინჟინერი მუშაობს. კომპანია მიზნად ისახავს, ბაზარზე Intel-ისა და AMD-ის ტრადიციულ x86 არქიტექტურას სერიოზული კონკურენცია გაუწიოს.




























