ევროკომისიამ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების შემოსავლების დასაბეგრად მსხვილ კორპორაციებზე საერთო გადასახადის გავრცელების ახალ მოდელზე დაიწყო მუშაობა.
არსებული ინფორმაციით, ბრიუსელმა ინიციატივა ვაშინგტონთან მოსალოდნელი სავაჭრო დაპირისპირებისა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საპასუხო ზომების თავიდან არიდების მიზნით შეიმუშავა. Financial Times-ის ექვსი ინფორმირებული წყაროს ცნობით, ამჟამად ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო Apple-ის, Meta-სა და Google-ის საქმიანობიდან თანხების მიღების ალტერნატიულ გზებს ეძებს. როგორც ირკვევა, ევროპელი კანონმდებლები მიზნად ტექნოლოგიური გიგანტებისგან დამატებითი საბიუჯეტო რესურსების მოზიდვას პირდაპირი ციფრული გადასახადის დაწესების გარეშე ისახავენ.
Financial Times-ის ინფორმაციით, ბრიუსელს სურს, ამერიკული კომპანიები CORE-ის ინიციატივას პირდაპირ მიაბას. საუბარია ევროკავშირის ბაზარზე მოქმედი მსხვილი კომპანიებისთვის განსაზღვრულ ყოველწლიურ ფიქსირებულ გადასახადზე, რომელიც ვრცელდება იმ საწარმოებზე, რომელთა წლიური შემოსავალიც €100 მილიონს ($112.32 მლნ.) აჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა შეინიშნება. Financial Times-თან საუბარში ერთ-ერთმა ევროპელმა მაღალჩინოსანმა განმარტა, რომ დედაქალაქების ნაწილი ამერიკული მხარის გაღიზიანების თავიდან არიდების მიზნით პირდაპირ ციფრულ გადასახადს ეწინააღმდეგება.
























