დიზაინერმა ჯორჯო არმანიმ მემკვიდრეებს დაავალა, თანდათანობით გაყიდონ მის მიერ 50 წლის წინ შექმნილი რევოლუციური მოდის სახლი ან მისი საფონდო ბირჟაზე განთავსება მოითხოვონ - ამის შესახებ საუბარია ანდერძში, რომლითაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის კონტროლისთვის ბრძოლა დაიწყო და უკვე მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები კომპანიისთვის, რომელიც მკაცრად იცავდა თავის დამოუკიდებლობას და იტალიურ წარმომავლობას.
დიზაინერი, რომელიც ინდუსტრიაში "მეფე ჯორჯოს" სახელით იყო ცნობილი, 4 სექტემბერს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. არმანის არ ჰყოლია შვილები, რომლებსაც მისი იმპერია, რომელიც 5-დან 12 მილიარდ ევრომდეა შეფასებული, მემკვიდრეობით გადაეცემოდათ.
არმანის ანდერძის თანახმად, პრიორიტეტი ფუფუნების კონგლომერატ LVMH-ს, სილამაზის ინდუსტრიის გიგანტ L'Oreal-სა და სათვალეების ლიდერ მწარმოებელ EssilorLuxottica-ს ენიჭებათ, ან სხვა „თანაბარი სტატუსის“ მქონე ბიზნესჯგუფს, რომელიც განისაზღვრება დიზაინერის მიერ დაფუძნებული ფონდის მიერ, არმანის პარტნიორ პანტალეო დელ’ორკოს თანხმობით.
დასახელებულმა სამივე კომპანიამ გაავრცელა განცხადება, რომლებშიც აღნიშნულია, რომ პოტენციური შეთანხმებისთვის ღია არიან.
აქციების გაყიდვის და საფრანგეთში დალისტული კომპანიების პოტენციურ მყიდველებად ღიად მოხსენიება მოულოდნელი იყო იმის გათვალისწინებით, რომ, სიცოცხლის განმავლობაში, ჯორჯო არმანი მუდმივად უარს აცხადებდა კომპანიის საფონდო ბირჟაზე განთავსებაზე ან ბრენდზე კონტროლის შერბილებაზე. ექსპერტების შეფასებით, სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც Armani-ის ბრენდმა მიმზიდველობა შეინარჩუნა, მიუხედავად გლობალურად ფუფუნების სექტორის ზრდის ტემპის შენელებისა.
გავრცელებულ განცხადებაში LVMH, ბერნარ არნოს ხელმძღვანელობით, წერს, რომ პოტენციურ პარტნიორად დასახელება დიდი პატივია: "ჯორჯო არმანისგან ნამდვილი პატივია პოტენციურ პარტნიორად დასახელება, მის მიერ აშენებული გამორჩეული მოდის სახლისთვის. თუ მომავალში ერთად ვიმუშავებთ, LVMH მზად იქნება, კიდევ უფრო გააძლიეროს Armani-ის წარმომადგენლობა და ლიდერობა მთელ მსოფლიოში".
EssilorLuxottica-მ, რომელსაც იტალიელი მეწარმე ლეონარდო დელ ვეკიოს მემკვიდრეები აკონტროლებენ და არმანისთან კომერციული კავშირები აქვს, განცხადებაში აღნიშნა, რომ შესაძლო გარიგებას განიხილავს. ფრანგულმა კოსმეტიკურმა ჯგუფმა L’Oreal-მა კი, რომელსაც Armani ჯგუფთან ლიცენზირების ხელშეკრულება 2050 წლამდე აქვს, პარასკევს განაცხადა, რომ ამ შესაძლებლობას შეისწავლის.
ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, 240 მილიარდ ევროიანი საბაზრო კაპიტალიზაციით და მომთმენი და უმცირესობის მხარდამჭერი ინვესტორის რეპუტაციით, ამ სამიდან LVMH ლიდერობს და სწორედ ის გახდება ლეგენდარული მოდის სახლის ახალი მფლობელი.
ანდერძი, რომელიც ორ დოკუმენტს მოიცავს და ნოტარულად მიმდინარე წლის, შესაბამისად, მარტსა და აპრილში გაფორმდა, იტყობინება, რომ მემკვიდრემ არმანის გარდაცვალებიდან 18 თვის განმავლობაში იტალიური მოდის სახლის 15%-იანი წილი უნდა გაყიდოს, მოგვიანებით კი - 30%-დან 54.9%-მდე წილი იმავე მყიდველს უნდა გადაუფორმოს.
არმანიმ აქციების მეორე ტრანშის ალტერნატივად IPO დაასახელა, იტალიის საფონდო ბირჟაზე ან მსგავსი სტატუსის მქონე ბაზარზე.




























