"ცალსახაა, სახელმწიფოს უწევს ჩარევა, რომ დაიცვას ადგილობრივი წარმოება",- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი გიორგობიანმა "საქმის კურსის" ეთერში, არმატურის საიმპორტო გადასახადზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოს მთავრობამ არმატურის იმპორტზე დაწესებული გადასახადი კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. 27 თებერვალს ხელმოწერილი დადგენილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე იქნება ძალაში.
როგორც ირაკლი გიორგობიანმა გადასახადის ეფექტის შეფასებისას აღნიშნა, ადგილობრივმა წარმოებამ ბაზრის წილის ნაწილობრივ დაბრუნება მოახერხა.
"დღეს რასაც ვაკვირდებით, ფაქტია, რომ ადგილობრივმა წარმოებამ წილი დაკარგა ბოლო 2 წლის განმავლობაში და მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს მოუწია ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით ამ მექანიზმის შემოღება, გარკვეულწილად ბაზრის წილი, 50%-მდე დაიბრუნეს. როგორც მახსოვს, მათი პიკი იყო [ბაზრის წილის] 71%. მეორე მხრივ, ფაქტია, რომ ბაზარიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, დაახლოებით 2-ჯერ და საიმპორტო ქვეყნების დივერსიფიცირება მოხდა, ახლა უფრო თურქეთი დომინირებს. იყო გარკვეული პრობლემები რაოდენობებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ბაზარი ამასაც დაარეგულირებს",- თქვა მან.
აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტომ საქართველოში არმატურის სავარაუდო დემპინგურ იმპორტზე შესწავლა 2024 წლის ზაფხულში დაიწყო. საკითხი ირანიდან და რუსეთიდან იმპორტს ეხებოდა. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ გასული წლის ნოემბერში BMG-ის განუცხადა, ქვეყანაში არმატურის იმპორტზე დამატებითი ანტიდემპინგური ტარიფის დაწესების საჭიროება არ დგას, რადგანაც ისედაც მოქმედებს არმატურის იმპორტის სატარიფო მოსაკრებელი.
ამასთან, უკვე ხელმისაწვდომია რუსეთსა და ირანში დაბალნახშირბადოვანი ფოლადისგან წარმოებული არმატურისა და გლინულის საქართველოში იმპორტთან დაკავშირებით ანტიდემპინგური შესწავლის საბოლოო დასკვნა, რომლის თანახმადაც მოქმედი მომსახურების საფასური გამორიცხავს დამატებითი ანტიდემპინგური ღონისძიებების საჭიროებას.
"არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი სტანდარტების გათვალისწინებით, კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტისა და წესის 22-ე მუხლის საფუძველზე, შესწავლის ორგანო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს სპეციალური ანტიდემპინგური ღონისძიებების დაწესებას",- წერია დასკვნაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში ანტიდემპინგური შესწავლის სამიზნე ქვეყნებიდან იმპორტის მოცულობა მკვეთრად შემცირდა. შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურის დაწესების შედეგად იმპორტის საბოლოო ღირებულება გაიზარდა, რამაც ადგილობრივი ინდუსტრიის ფასზე ზეწოლა შეამცირა. ამასთან, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ადგილობრივი ინდუსტრიის მიერ არმატურის გაყიდვების ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა.




























