ნიდერლანდების ფეხბურთის ასოციაციის დამოუკიდებელმა სალიცენზიო კომიტეტმა არნემის “ვიტესს” პროფესიონალურ ლიგებში ასპარეზობის უფლება აღარ მისცა. კლუბის პრობლემა ეხებოდა კრედიტორებთან არსებულ დავალიანებებს, რომლის დაფარვასაც ნიდერლანდური კლუბი ვერ ახერხებდა.
კრიზისი იმდენად ღრმა იყო, რომ გუნდის გადასარჩენად გულშემატკივრები და კლუბის ყოფილი ფეხბურთელებიც გაერთიანდნენ, რომელთა შორისაც ერთ-ერთი “ვიტესის” ლეგენდარული კაპიტანი გურამ კაშიაა.
საბუთების წარდგენის საბოლოო ვადად 24 ივნისი იყო განსაზღვრული, თუმცა გუნდის ხელმძღვანელებმა ეს ვერ მოახერხეს და ლიცენზიაც გაუქმდა.არნემელებმა ვერ დაადასტურეს ახალი ინვესტორის სანდოობაც, რის გამოც ისინი სამოყვარულო ლიგამდე დაქვეითდნენ. მათ სალიცენზიო კომიტეტის გადაწყვეტილების გასაჩივრება უახლოეს 5 დღეში შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ კლუბმა ერთადერთი ტიტული, ნიდერლანდების თასი, 2017 წელს გურამ კაშიას კაპიტნობისას მოიგო.