დიდმა ბრიტანეთმა ნიდერლანდების მოქალაქე ალექსანდერ ტატერსალსა და თურქეთში რეგისტრირებულ კომპანია Redwing Metal-ს სანქციები დაუწესა.
როგორც ირკვევა, ამ კომპანიამ ევროპული წარმოების მაღალტექნოლოგიური დანადგარებით მოამარაგა რუსული მეტალურგიული ქარხნები, რომლებიც საბრძოლო ავიაციისა და რაკეტების კომპონენტებს აწარმოებდნენ.
გამოცემა Kyiv Independent-ის, იტალიური IrpiMedia-სა და OCCRP-ის ერთობლივი გამოძიების თანახმად, ამ უკანონო მიწოდებით მოსკოვმა ბრძოლის ველზე მატერიალური უპირატესობა მოიპოვა.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყებამ ბიზნესმენი 38 ახალი შეზღუდვის ფარგლებში შავ სიაში შეიყვანა. აღსანიშნავია, რომ ლონდონის ეს გადაწყვეტილება ბრიტანულ იურისდიქციაში არსებული ყველა აქტივის გაყინვასა და ბიზნესოპერაციების აკრძალვას ითვალისწინებს.
რაც შეეხება თავად კომპანიას, საბაჟო დოკუმენტების მიხედვით, Redwing Metal-მა რუსულ საწარმოებს 2023 და 2024 წლებში $5 მილიონის ღირებულების ევროპული ტექნიკა გაუგზავნა. ტვირთი იტალიური, გერმანული, ესპანური და ჩეხური წარმოების ჰიდრავლიკურ პრესებს, თერმული დამუშავების ღუმელებსა და პროგრამული მართვის ჩარხებს მოიცავდა. ეს მოწყობილობები ორ მსხვილ მეტალურგიულ ქარხანას, Aluminum Metallurg Rus-სა და Stupino Metallurgical Company-ს გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ორივე საწარმოს რუსული სახელმწიფო კორპორაცია Rostec-ის ხელმძღვანელის მოადგილის, იგორ ზავიალოვის სიძე, ბიზნესმენი ნიკოლაი ტიმოხინი აკონტროლებს.
მისი ქარხნები Kh-101-ისა და Kh-59-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების, ასევე S-300 და S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების 40-ზე მეტ მომწოდებელ კომპანიას საჭირო შენადნობებით ამარაგებდნენ.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ დასანქცირებული ნიდერლანდელი ბიზნესმენის კავშირები ტიმოხინის ბიზნესთან ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდა. წლების განმავლობაში ტატერსალი შვეიცარიაში, გერმანიასა და აშშ-ში მართავდა იმ სავაჭრო კომპანიებს, რომლებიც დასავლურ ბაზარზე რუსული ალუმინის რეალიზაციას უზრუნველყოფდნენ.
























