მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არომაპროდუქტი“ ქვეყანაში გაყიდვების გაზრდას გეგმავს - სად იყიდება Geogria's Natural-ის წვენები?

არომაპროდუქტი

კომპანია „არომაპროდუქტი“, რომელიც ხილის ნატურალურ წვენებს Georgia's Natural-ის ბრენდით აწარმოებს, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო არეალის გაფართოებასა და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის ორგანული შესყიდვების სამსახურის უფროსმა, გიორგი ნოზაძემ BM.GE-სთან განაცხადა.

კომპანიის წარმომადგენლის შეფასებით, პროდუქციაზე მოთხოვნა როგორც საექსპორტო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე ყოველწლიურად მზარდია. ასევე მზარდია კომპანიაში ექსპორტის წილიც, რომელიც 95%-მდეა.

„ბაზრის დივერსიფიკაციისთვის, პროდუქციის რეალიზაცია მსოფლიოს 40 ქვეყანაში ხდება, საიდანაც ძირითადი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამომავლოდ წარმოების გაფართოება, ასორტიმენტის დამატება და ახალი ბაზრების მოძიება იგეგმება. ასევე, ორგანული მიმართულებით, ახალი სტანდარტების დანერგვას ვაპირებთ, რაც კომპანიას ახალ ბაზრებზე წვდომის საშუალებას მისცემს.

კომპანიაში ექსპორტის წილი არის 90-95 % მეტი. საქართველოში წარმოდგენილი ვართ, თბილისისა და ბათუმის სავაჭრო ცენტრებში, როგორიცაა საბურთალოს სითი მოლი. ასევე ჩვენი სტენდით წარმოდგენილი ვართ, ჰომარტში, 8000 მოსავალში, ჯპს-ში, გუდვილში, ბათუმის ეიფორიაში, გრანდ მოლში, შავი ზღვის მოლში და სხვა. უახლოეს მომავალში, ასევე ადგილობრივი ქსელის გაფართოებაც იგეგმება, რაზედაც ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მიმდინარე წლიდან წარმოების გაფართოებას ვგეგმავთ. პირველ ეტაპი წარმადობის გასაზრდელად მანქანა დანადგარების დამატებას, გადაიარაღებას გულისხმობს, რაზედაც უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება და წლის ბოლომდე სრულად დასრულდება, როგორც ბოთლირების, ასევე ბალკირებული პროდუქციის მიმართულებით, რაც ასევე ერთ-ერთი გამოწვევაა. ასევე განიხილება გაფართოებისთვის საჭირო სხვა ალტერნატივებიც, მათ შორის ახალი წარმოების დამატება. ამჟამად, ჩვენი წარმადობა არის 35-40 ექსპორტი თვეში, როგორც ბალკირებული ასევე ბოთლების სახით, და ამას ემატება ექსპორტი როდესაც ვახორციელებთ ნედლი ხილის ექსპორტს სეზონურად. თუმცა, მიზნად დასახულია წარმადობის მინიმუმ 100 % -ით გაზრდა.

ახალი ბაზრების მოძიებაზე მუშაობს კომპანიის დამფუძნებელი, მოლაპარაკებები ყოველთვის არის, თუმცა ამ ეტაპზე არ დავკონკრეტდებით. ასევე მუშაობა მიდის ნედლი ხილის ექსპორტის გაზრდის მიმართულებითაც. ნედლეულს ძირითადად ადგილობრივს ვიღებთ, როგორც ჩვენი ბაღებიდან ასევე ადგილობრივი ფერმერებისგან, რა თქმა უნდა გარდა ტროპიკული ნედლეულისა“, - აცხადებს ნოზაძე.

მისივე ინფორმაციით, ორგანული მიმართულებით გააქტიურებაც იგეგმება. წლის ბოლოს კომპანია გერმანიის მასერტიფიცირებელი ორგანოდან რესერტიფიცირებისთვის აუდიტს ელოდება. ასევე, გადადიან ამერიკის ორგანული სტანდარტის ახალ რეგულაციებზე, რომლის დანერგვაც აშშ-მ მიმდინარე წელს დაიწყო. ასევე განიხილება სხვა (ქვეყნების) ორგანული სტანდარტების დანერგვა, მათ შორის შეიძლება იყოს ჩინეთის ორგანული სტანდარტი, დემეტერი ან სხვა.

გარდა ამისა, კომპანია გეგმავს ბიო ბაღების პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას როგორც მომხმარებლებში, ისე მომწოდებლებში.

ნოზაძე ჩვენთან საუბრისას გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ კვალიფიციური მუშახელი მათთვისაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მისი თქმით, კომპანიაში ამ ეტაპზე 250 ადამიანია დასაქმებული.

კომპანია „არომაპროდუქტი“ ბაზარზე 1996 წლიდან ფუნქციონირებს და კახეთში როგორც გადამმუშავებელ საწარმოებს, ასევე ორგანული ხეხილის და ბოსტნეულის ბაღს ფლობს. არომაპროდუქტი არის ექსპორტიორი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ხილის და ბოსტნეულის წვენებს, სანელებლებს და საწებლებს, როგორც ორგანულს ისე არაორგანულს სთავაზობთ. ასევე, კომპანია წარმოდგენილი არის ქართულ ბაზარზეც ორგანული წვენების სახით, პრემიუმ სეგმენტში. კომპანია ფლობს ორგანულ სერტიფიკატებს როგორც ევროპის, ასევე ამერიკის, კორეის, იაპონიის და ტაივანის, შესაბამისად კომპანია გადის ყოველწლიურ აუდიტს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები