„არომაპროდუქტი“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ კომპანიის ორგანული შესყიდვების სამსახურის უფროსმა, გიორგი ნოზაძემ BM.GE-სთან განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კომპანიაში ექსპორტის წილი 90-95%-ზე მეტია და ახალი ბაზრების მოძიება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.
„კომპანიაში ექსპორტის წილი არის 90-95 %-ზე მეტი. ბაზრის დივერსიფიკაციისთვის, პროდუქციის რეალიზაცია მსოფლიოს 40 ქვეყანაში ხდება, საიდანაც ძირითადი წილი ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის.
კომპანიის დამფუძნებელი ახალი ბაზრების მოძიებაზე მუშაობს. მოლაპარაკებები ყოველთვის არის, თუმცა ამ ეტაპზე არ დავკონკრეტდებით. ასევე, მუშაობა მიდის ნედლი ხილის ექსპორტის გაზრდის მიმართულებითაც. ნედლეულს ძირითადად ადგილობრივს ვიღებთ, როგორც ჩვენი ბაღებიდან ასევე ადგილობრივი ფერმერებისგან, რა თქმა უნდა გარდა ტროპიკული ნედლეულისა“,- აცხადებს ორგანული შესყიდვების სამსახურის უფროსი.
ინფორმაციისთვის, კომპანია „არომაპროდუქტი“ ბაზარზე 1996 წლიდან ფუნქციონირებს და კახეთში როგორც გადამმუშავებელ საწარმოებს, ასევე ორგანული ხეხილის და ბოსტნეულის ბაღს ფლობს. არომაპროდუქტი არის ექსპორტიორი კომპანია, რომელიც მომხმარებლებს ხილის და ბოსტნეულის წვენებს, სანელებლებს და საწებლებს, როგორც ორგანულს ისე არაორგანულს სთავაზობთ. ასევე, კომპანია წარმოდგენილი არის ქართულ ბაზარზეც ორგანული წვენების სახით, პრემიუმ სეგმენტში. კომპანია ფლობს ორგანულ სერტიფიკატებს როგორც ევროპის, ასევე ამერიკის, კორეის, იაპონიის და ტაივანის, შესაბამისად კომპანია გადის ყოველწლიურ აუდიტს. კომპანიაში ჯამში 250-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.