ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გამოძიება საზოგადოებას აწვდის საკმარის ინფორმაციას და საქმეზე არსებობს ვიდეო ჩანაწერებიც, თუმცა მოტივაციაზე თავად თორნიკე რიჟვაძემ უნდა ისაუბროს.
მისი თქმით, არსებობს პერიმეტრზე გადაღებული ვიდეოჩანაწერები, თუმცა არ არის აუცილებელი, რომ ეს გასაჯაროვდეს.
„ვხედავთ, რომ გამოძიება საზოგადოებას აწვდის საკმაო ინფორმაციას და ძირითადად, რაც ითქვა, ამით თვითონ ფაქტი, შემთხვევა მეტ-ნაკლებად ცხადია, როგორც მოხდა. მათ შორის არსებობს იმ შენობაში, პერიმეტრზე არსებული უსაფრთხოების კამერის ჩანაწერები. არც არის აუცილებელი, რომ ეს ჩანაწერი იყოს საჯარო. პროკურატურამ მოგვახსენა ამის შესახებ, ადვოკატმაც ისაუბრა, რომ მასაც ნანახი აქვს ეს კადრები. თავად ფაქტი, რა თქმა უნდა, აღწერილი არ არის როგორც ითქვა, მაგრამ აღწერილია პერიმეტრი, გადაადგილებები, მოძრაობა და ა.შ. რაც შეეხება მოტივაციას, რა თქმა უნდა, ამაზე თავად ბატონმა თორნიკემ უნდა ისაუბროს.
ადამიანი სიკვდილს ებრძოდა. ახლა თურქეთშია გადაყვანილი სამკურნალოდ და მან თავად უნდა ისაუბროს მოტივზე. პრემიერ-მინისტრი იყო კლინიკაში მისული, მძიმე მდგომარეობაში იყო ადამიანი და ფიზიკურად ვერ მოინახულებდა მას, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო. იცით, როგორც კი დაიწყო გაუმჯობესების დინამიკა, ოჯახის სურვილით ის გადაყვანილია თურქეთში. ოჯახის სურვილი იყო გადაყვანა და რა თქმა უნდა, ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ როგორც ისინი ხედავენ თავისი ოჯახის წევრის მკურნალობას, ისე წარიმართოს, რადგან ეს ოჯახის პასუხისმგებლობაც არის მათ შორის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, ოფიციალური ვერსიით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა თორნიკე რიჟვაძემ გუშინ 7 ივლისს, საგარეჯოში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის სახლში, თვითმკვლელობა სცადა. ის ცეცხლსასროლი იარაღით გულის არეში ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოში "ჯეოჰოსპიტალსში" გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, შემდეგ კი თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს. პაციენტი გულ-მკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აქვს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მას ფილტვი დაუზიანდა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს ტყვია არ შეხებია.
საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნა სსკ-ის კოდექსით 115-ე მუხლით არის აღძრული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი სსკ-ის 238-ე მუხლით არის დაკავებული.
9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ცნობით, რიჟვაძის თურქეთში გადაყვანა ოჯახის მოთხოვნით მოხდა.




























