პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ვინც საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებს, ქვეყნის მტერია. ამ კონტექსტში ის საუბრობს ევროპარლამენტზე, რომელიც მისი თქმით, საქართველოს მთავრობის ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
"თუკი არსებობს ვინმე, რომელიმე ხელისუფლება ან რომელიმე ორგანო, რომელიც არ აღიარებს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობას და ასეთები არიან ევროპარლამენტი მაგალითად, რომელსაც ამაზე რეზოლუცია აქვს მიღებული, ყველა ეს ორგანო და ყველა ეს სახელმწიფო არის საქართველოს დამოუკიდებლობის მტერი. ის, ვინც არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს, არის საქართველოს სუვერენიტეტის მტერი. რუსეთი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მისი ტერიტორიის 20%-ზე, ხოლო ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მის 100%-ზე, მისი ტერიტორიის 100%-ზე. ეს უპირველეს ყოვლისა არის ის ჩაშლილი რევოლუციური ნარატივი, რომლის დამყარებასაც ცდილობდა ფსევდორელიგიური სექტა. ეს თემა ჩაიშალა და მორჩა, დიდი ხანია დახურულია. გვყავს ევროპარლამენტი და ვიცით, რომ იქ ზოგიერთ ადამიანს უბრალოდ ზიზღი აქვს ქართველი ხალხის მიმართ, და ამ ზიზღის ჩვენ ვერაფერს ვუშველით. რა უნდა ვუყოთ რასა იუკნევიჩიენეს, რომელიც ფაშისტურ განცხადებას აკეთებს ქართველ ხალხთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე ევროკავშირმა რამდენიმე რეზოლუცია მიიღო, სადაც დაგმო საქართველოს ხელისუფლებების ქმედებები. ბოლო 8 ოქტომბერს მიღებულ რეზოლუციაში, სადაც დაგმობილია "ქართული ოცნების" ქმედებები აკრძალოს ქვეყნის ძირითადი ოპოზიციური პარტიები, ევროპარლამენტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის სანქცირება, სანქციები ასევე მოთხოვნილია პაპუაშვილის მიმართაც. რეზოლუციაში ხაზგასმულია ევროპარლამენტის მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობის მიმართ.
ვრცლად ამ თემაზე: ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
























