მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არსებობს ცუდი მაგალითები. აუცილებელია სწორი მმართველობა, რათა არ დაგროვდეს ფისკალური რისკები - IMF "განვითარების ბანკზე"

ალეხანდრო ჰაიდენბერგი

საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა BMG-ის კითხვას რა შეფასება აქვს ფონდს "საქართველოს განვითარების ბანკის" დაფუძნების ინიციატივასთან დაკავშირებით. როგორც ჰაჟდენბერგი აღნიშნავს, მსგავსი სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტი არაერთ ქვეყანაში არსებობს და სამწუხაროდ, არსებობს არაერთი ცუდი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ბანკი. ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ამ საფინანსო ინსტიტუტის დაფუძნების შემთხვევაში მაქსიმალურად იყოს ყურადღება გამახვილებული მმართველობის ხარისხსა და გამჭვირვალობაზე, რათა გაცემული კრედიტები ფისკალურ რისკებად არ გადაიზარდოს.

ამასთან, ჰაჟდენბერგი ხაზს უსვამს იმასაც რომ არსებული მდგომარეობით "საქართველოს განვითარების ბანკის" კონკრეტული კონცეფცია ჩამოყალიბებული არაა და ფონდი მხოლოდ ზოგად ჩარჩოზე მიუთითებს, რომ ამ ფინანსურ ინსტიტუტს, თუკი ის დაფუძნდება გამჭვირვალე ბიუჯეტი და სწორი მმართველობა ჰქონდეს, მისი დაფინანსება კი მიმართული იყოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერაზე.

"რაც შეეხება საქართველოს განვითარების ბანკს, ჩვენ განვიხილეთ მისიის ფარგლებში ეს საკითხი. ჩვენ გვესმის რომ ბევრი დეტალი ჯერჯერობით არ არის მზად. სახელიც კი მას ზუსტად საქართველოს განვითარების ბანკი ერქმევა, საბოლოოდ დადასტურებული არაა. შემიძლია გითხრათ რომ ბევრ ქვეყანას აქვს მსგავსი ინსტიტუტები. არსებობს საკმაოდ ცუდი მაგალითებიც, შესაბამისად მნიშვნელოვანია სწორად იქნეს ეს ორგანიზაცია ჩამოყალიბებული და მართული. გარკვეული რაციონალი ასეთი ბანკის შექმნისთვის არსებობს. განსაკუთრებით იმისთვის, რათა აღმოფხვრილი იყოს ის ნაკლოვანებები, რაც კერძო საკრედიტო ბაზარს აქვს მცირე და საშუალო მეწარმეების თუ ფერმერული მეურნეობების დაფინანსებისთვის, რათა გაუმჯობესდეს კრედიტზე ხელმისაწვდომობა. მაგრამ მთავარია, რომ მმართველობის ჩარჩო იყოს სწორი. რომ იყოს გამჭვირვალობა, რომ ოპერაციები გათვალისწინებული იყოს ბიუჯეტში. ძლიერი მმართველობითი ჩარჩო არის საჭირო იმის უზრუნველსაყოფად რომ დაფინანსება მიზნობრიობას შეესაბამება, რათა არ მოხდეს ფისკალური რისკების დაგროვება", - განაცხადა ჰაჟდენბერგმა.

დღესვე საკითხზე კომენტარი გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, რომელმაც განაცხადა რომ, თავისი შინაარსით ეს ორგანიზაცია კლასიკური ბანკის ფუნქციების მქონე არ იქნება, თუმცა არ დაუკონკრეტებია შემოიფარგლება თუ არა ამ ახალი ფინანსური ინსტიტუტის ფუნქციები მხოლოდ კრედიტების თანადაფინანსებით, ანუ იმ ფუნქციებით, რომლებსაც ახალ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" ასრულებს.

"ალბათ, სახელმწიფო ბანკი არ არის სწორი დეფინიცია იმ სტრუქტურისთვის, რომლის შექმნაც გეგმაშია. ეს არ არის სტრუქტურა, რომელიც კლასიკურად ბანკის ფუნქციას ასრულებს და რაიმე ფორმით იქნება ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ, იქიდან გამომდინარე, რომ მას არ ექნება ის ფუნქციები, რაც საჭიროებს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

4 მარტს საქართველოს პარლამენტმა "საქართველოს განვითარების ფონდის", ანუ ყოფილი "საპარტნიორო ფონდის" ლიკვიდაციას მხარი დაუჭირა. პარლამენტში, ჯერჯერობით, არ დაინიციირებულა კანონპროექტი, რომელიც "ეკონომიკის განვითარების ბანკის" ოპერირების წესებს განსაზღვრავს, თუმცა ცნობილია რომ ყოფილი "საქართველოს განვითარების ფონდის" ეკონომიკის სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში"-სთან შერწყმა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები