მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებულ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან - კახა კალაძე

6408800b08949
BM.GE
08.03.23 16:29
587
„მიმდინარეობს სიცრუის პროპაგანდა, რათა პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ ამერიკულ კანონს, მიაწენონ „რუსული კანონის“ იარლიყი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გაკეთებული ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, ქართული კანონპროექტი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ადგენს.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, რომ ის არის რუსული კანონი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, არსებულ კანონს არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ კანონთან. მინდა გითხრათ, რომ ქართული კანონი მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს ადგენს და ის არავის საქმიანობას ზღუდავს არავითარი ფორმით. სრული სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ეს კანონი რომელიმე ადამიანს აგენტად აცხადებს ან რაიმე ფორმით, უცხოური დაფინანსებით კეთილი საქმეების კეთებას კრძალავს. არ არის ასე. არც სამედიცინოს, განათლების სფეროს, არც მეცნიერებას არ ეხება. ეს იმის შედეგია, რომ შინაარსში არავინ შედიოდა. ამ დღეებში არასამთავრობო სექტორი, თავისი დამფინანსებელბით, ცდილობდა, საზოგადოება, ახალგაზრდები შეცდომაში შეეყვანა, თითქოს, თუ ვინმე უცხოურ გრანტს მიიღებს, აგენტად გამოცხადდება. ტყუილია მეგობრებო, არ დაუჯეროთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, პირველი მოსმენით დამტკიცებული კანონპროექტი ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.

„რაც შეეხება აღნიშნულ კანონს, იცით, რომ პირველი მოსმენით მიიღეს გუშინ და გადაიგზავნა ვენეციის კომისიაში. დაველოდებით, რა შეფასებები გაკეთდება. ესეც მანიშნებელია იმისა, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით, ამ გზას მივუყვებით და არც ერთი ნაბიჯით არ გადაგვიხვევია. ყველაფერს ვაკეთებთ ამ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია“, - აღნიშნა კახა კალაძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები