ფოთის საზღვაო ნავსადგურის მმართველი კომპანია "ეიპიემ ტერმინალსის" მოლოდინით, წლის განმავლობაში ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება. ამის შესახებ ფოთის საზღვაო ნავსადგურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზვიად ჩხარტიშვილმა BMG-ის განუცხადა და აღნიშნა, რომ შუა დერეფანი აქტუალობას ინარჩუნებს.
2025 წლის პირველ ნახევარში, ფოთის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო ტვირთის დამუშავების მაჩვენებელი წლიურად გაზრდილია.
პორტის მმართველი კომპანია "ეიპიემ ტერმინალს ფოთის" მონაცემებით, 6 თვეში წელს 313 524 TEU კონტეინერი დამუშავდა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 41 346 TEU-ით აღემატება. 2024 წელს ფოთის პორტში 272 178 TEU კონტეინერი გადამუშავდა.
ზვიად ჩხარტიშვილის თქმით, ამ დროისთვის ფოთის პორტის გამტარუნარიანობა 600 000 TEU-ა, ტვირთბრუნვის ზრდის ამ ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში კი წლის ბოლოს შესაძლოა, პორტი არსებულ შესაძლებლობებს გასცდეს. შესაბამისად, "ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ კიდევ ერთხელ საუბრობენ პორტის ინფრასტრუქტურის გაფართოების საჭიროებაზე.
„2025 წელს მეორე კვარტალის მონაცემებით, ბოლო ხუთი წლის ჭრილში, ისტორიულ მაქსიმუმზე ვართ. 313 000 TEU კონტეინერი დავამუშავეთ პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ეს არის დაახლოებით 15%-იანი ზრდა წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, მაგრამ ხუთი წლის ჭრილში არის ისტორიული მაქსიმუმი. ჯამში ჩვენ 550 000 TEU კონტეინერის დამუშავების საშუალება გვქონდა, ჩვენ ნავსადგურთან ახლოს მდებარე ტერიტორია შევიძინეთ და ახლა გვაქვს შესაძლებლობა, რომ წლის განმავლობაში 600 000 TEU კონტეინერი დავამუშაოთ. პირველი ექვსი თვის განმავლობაში 15%-იანი ზრდა არის. ჩვენ [წლის განმავლობაში] აგრეთვე ველოდებით ინტენსიურ ზრდას, რადგან რეგიონში განვითარებული მოვლენების შედეგად არის კვლავ შანსი, რომ ტვირთები გადმომისამართდეს. ამ ეტაპზე მხოლოდ ის მოცულობა არის გაზრდილი, რაც მოსალოდნელი იყო და დაგეგმილი გვქონდა.
თუ ტვირთები უკვე ირანიდან, ბენდერ-აბასის პორტიდან გადმომისამართდა ჩვენი დერეფნის მიმართულებით, შეიძლება ვერ გავუმკლავდეთ წლის ბოლოს. თუნდაც ეს 15%-იანი ზრდა რომ შენარჩუნდეს, დაახლოებით 626 000 TEU დაფიქსირდება წლის ბოლოს, პორტის გამტარუნარიანობა კი არის 600 000 TEU. შესაბამისად, უკვე მაქსიმალურ ზღვარზე არის მისული ფოთის საზღვაო ნავსადგური და "ეიპიემ ტერმინალსი" ყოველთვის ცდილობს, დამატებითი შესაძლებლობები გამონახოს და გავუმკლავდეთ მოცულობას, რადგან დერეფანი არ დაზიანდეს, ჩვენი ქვეყანა არ უნდა დაზიანდეს. ფოთის ნავსადგურზეა დამოკიდებული საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთის მოცულობები, ასევე ცენტრალურ აზიას ვემსახურებით. მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ გავაფართოოთ ნავსადგური, რადგან არსებულ შესაძლებლობებს ჩვენ უკვე ძალიან მალე გავცდებით. ფოთის პორტს აუცილებლად სჭირდება გაფართოება, ჩვენ უნდა გვქონდეს პოზიციები გამყარებული შუა დერეფნისთვის”, - განაცხადა ზვიად ჩხარტიშვილმა.
ცნობისთვის, ფოთის პორტის გაფართოების და ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესი ბოლო წლებია როგორც კომპანიის, ისე ხელისუფლების მხრიდან ანონსდება. უკანასკნელი გეგმით, მთავრობასა და ინვესტორს შორის 2023 წელს უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, 2024 წელს დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები და 2026 წელს APM Terminals-ს ფოთს ახალ პორტში პირველი გემი უნდა მიეღო, თუმცა ხელშეკრულება ამ დრომდე არ გაფორმებულა.