ნავთობპროდუქტების იმპორტიორი და რეალიზატორი კომპანია „პორტალი“ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში საწვავზე არსებული ფასების შენარჩუნებას გეგმავს. როგორც კომპანიის დირექტორი უჩა გოგნიაშვილი BMG-სთან აცხადებს, მიზეზი კომპანიის მფლობელობაში არსებული მარაგებია.
„ამ ეტაპზე ჩვენთან ასეთი სიტუაციაა - მარაგებიდან გამომდინარე, ფასები ნარჩუნდება. ზუსტად ვერ გეტყვით, ერთ კვირაში შეიცვლება თუ ორში, თუმცა, დღეისთვის და პერიოდისთვის ის ფასებია ძალაში, რაც ჩვენს ვებგვერდზე დევს. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ცვლილებას არ ველოდებით“, - აცხადებს უჩა გოგნიაშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, ფასების ცვალებადობის მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ბაზარი და მომწოდებლებთან არსებული ვითარება იქნება.
„ცვალებადობა, რა თქმა უნდა, მომწოდებელზეა დამოკიდებული. ის ვითარება, რაც დღეს მსოფლიოშია, პირდაპირ აისახება ჩვენზეც. ახალი და განსაკუთრებული აქ არაფერია - ფასს განსაზღვრავს ის, თუ რა ღირებულებით შემოდის პროდუქტი ქვეყანაში.“
უჩა გოგნიაშვილი ამბობს, რომ ფასების მატებამ გარკვეული გავლენა მომხმარებელთა ქცევაზეც იქონია - ახლო აღმოსავლეთში ომისა დაწყებისა და ნავთობის გაძვირების საწყის ეტაპზე, მოხმარების მკვეთრი შემცირება შეიმჩნეოდა, თუმცა, ამჟამად ბაზარი დასტაბილურდა.
„პრემიუმის ტიპის საწვავზე მაღალი მოთხოვნა გვაქვს, ფასიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგი რეალიზაციაა. რაც შეეხება დიზელს, აქ მოხმარება ნამდვილად შემცირებულია - ფასის ზრდამ გავლენა იქონია, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც ქსელში ფასი ერთბაშად, 5-10 თეთრით გაიზარდა.
თუმცა, ზაფხულში მოხმარების ზრდის მოლოდინი გვაქვს. ვფიქრობთ, სეზონი დინამიკას უფრო გააცოცხლებს“, - ამბობს უჩა გოგნიაშვილი.
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ სტატისტიკით, წელს, მხოლოდ მაისში, დიზელის საწვავის იმპორტი 18%-ით შემცირდა - მიმდინარე წლის მაისში იმპორტის მოცულობა 47,4 ათასი ტონა იყო, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, ეს მაჩვენებელი 57,8 ათას ტონას აღწევდა. კლება 18%-ია.
ჯამში, წელს 4 თვეში, საქართველოში 525 ათას ტონაზე მეტი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა. გასული წლის ოთხ თვეში კი, ეს მაჩვენებელი 562 ათას ტონას აჭარბებდა. 4 თვეში ნავთობპროდუქტების იმპორტი 6,6%-ითაა შემცირებული.




























