მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არსებული მდგომარეობა ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს" - კალაძე ავტოსადგურებზე

დიდუბე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში არსებული საქალაქთაშორისო ავტოსადგურები მოწესრიგებასა და რეაბილიტაციას საჭიროებს, რადგან ისინი ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ, - ამის შესახებ კალაძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

"იცით, რომ ძირითადად ეს არის კერძო საკუთრებები და, რა თქმა უნდა, ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს დღეს იქ არსებული მდგომარეობა. ცხადია, საჭიროებს მოწესრიგებას, განახლებას, სივრცის რეაბილიტაციას, ნორმალური ინფრასტრუქტურის შექმნას.

ხედავთ, სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტს, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართ. მთლიანად განვაახლეთ პარკი, წესრიგდება ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ სწრაფად შეძლოს ტრანსპორტმა გადაადგილება. შესაბამისად, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გამართული მუშაობა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ძალიან მნიშვნელოვანია", - ამბობს კახა კალაძე.

კითხვაზე, რატომ არ გამოაცხადა თბილისის მერიამ ტენდერი ავტოსადგურების მოსაწესრიგებლად, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ ამასთან მერია "არაფერ შუაშია".

"ეგ არის ეკონომიკის სამინისტროს თემა და შეგიძლიათ მათ მიმართოთ. მე როგორც ვიცი მუშაობა მიმდინარეობს ამ მიმართულებით, რა ეტაპზე არიან, გამიჭირდება თქმა, უბრალოდ ცხადია, უკვე ვიზუალურ, არქიტექტურულ ნაწილში მოუწევთ შეთანხმება, თუ რა როგორ იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

2021 წელს დედაქალაქის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე BMG-სთან აცხადებდა, რომ მერიას ავტოსადგურების მესაკუთრეებთან კომუნიკაცია უკვე დაწყებული ჰქონდა და, პირობებზე შეთანხმების შემდეგ, გამოცხადდებოდა ტენდერი, რომელში გამარჯვებული კომპანიაც გეგმარებას უზრუნველყოფდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები