მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არსებული პროექტების შენარჩუნებაზე კეთდება უფრო აქცენტი, ვიდრე ახალ ინვესტიციებზე - ლევან ყარალაშვილი

ლევან ყარალაშვილი

„საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ (GRDC) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ყარალაშვილი კომპანიის სამომავლო გეგმებსა და ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო გარემოზე საუბრობს. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ჯგუფის პრიორიტეტი უკვე არსებული პროექტების შენარჩუნება და სტატუს-კვოს დაცვაა.

როგორც ყარალაშვილი "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნავს, ჯგუფს საქართველოში 300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, თუმცა ამჟამინდელი ფოკუსი ახალი მსხვილი პროექტების ნაცვლად, მიმდინარე ვალდებულებების შესრულებაზეა მიმართული.

აღნიშნული სტრატეგიის ფარგლებში, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიის აღდგენაა. ყარალაშვილის თქმით, კომპანიამ აიღო მყარი ვალდებულება ხელისუფლების, მერიისა და 300-მდე დაზარალებული მოვაჭრის წინაშე, რომ უმოკლეს ვადაში მოახდენს სივრცის რეაბილიტაციას.

მისი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 10-15 მლნ დოლარამდე ინვესტიციის განხორციელება, რაც 20 000 კვადრატული მეტრი სავაჭრო ფართის აღდგენასა და სამუშაო ადგილების დაბრუნებას გულისხმობს.

“300 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია გვაქვს ჩვენს ჯგუფს ქვეყანაში შემოტანილი. კონკრეტული პროექტები, რომელზეც დღეს აქცენტს ვაკეთებთ, არის უფრო მიმართული სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე. ის უბედური შემთხვევა, რაც მოხდა ერთ-ერთ ჩვენს პროექტის ფარგლებში ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიაზე, ჩვენ ავიღეთ მყარი ვალდებულება ხელისუფლების წინაშე, მერიის წინაშე და დაზარალებული 300-მდე მოვაჭრის მიმართ, რომ უმოკლეს ვადაში აღვადგენთ და განვახორციელებთ დაახლოებით 10-15 მლნ დოლარამდე ინვესტიციას. დღეს ვართ აქტიური კომუნიკაციის ფაზაში, ველოდებით შესაბამისი ნებართვების მიღებას, რომლის მიღებისთანავე, რა თქმა უნდა, გადავერთვებით აქტიურად ამ მიმართულებით და დაახლოებით 20 000 კვადრატულ მეტრ სავაჭრო სივრცეებს ისევ აღვადგენთ, სადაც დავუბრუნებთ სამუშაო ადგილებს ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქ მუშაობდა. ამ ჭრილში იმედი მაქვს, რომ წლის პირველ კვარტალში შესაბამისი ნებართვები გაცემული იქნება.

ჩვენ ყველა რესურსი მობილიზებული გვაქვს და მზად ვართ, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ. ასევე, არის რაღაც კონკრეტული ლოკალური თემები, სადაც არსებული პროექტების შენარჩუნებაზე კეთდება უფრო აქცენტი, ვიდრე რაიმე ახალი მსხვილი ინვესტიციის წამოწყებაზე. იმედს ვიტოვებ, რომ საბოლოო ჯამში საქართველო როგორც უფრო მეტად პოზიტიურ სიგნალებზე გადართული ქვეყანა გახდება და ამ მიმართულებით ის ინვესტორთა ინტერესი აღდგება, რომელიც დღეს საკმაოდ შემცირებულია ჩვენი ქვეყნის მიმართ,”- აცხადებს „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის”, აღმასრულებელი დირექტორი ლევან ყარალაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები