სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია BMGtv-სთან ამბობს, რომ გაზიფიცირების პროცესში, ახალ პროექტებში გაზსადენი მილების მიწის ქვეშ გაყვანა მოხდება. მისი თქმით, გადაწყვეტილება ახალ პროექტებს ეხება, არსებულ ქსელთან მიმართებით ცვლილებები ვერ განხორციელდება, რადგან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
“პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ ახალი პროექტები, რომელიც განხორციელდება, ყველა გაზსადენი ჩაიდება მიწის ქვეშ. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ყველა ახალი პროექტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი, სწორედ ამ წესების დაცვით იქნება წარმოდგენილი.
რაც შეეხება მიმდინარე ქსელებს, მიმდინარე ქსელების ერთი ხელის მოსმით მიწისქვეშ ჩატანა ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეტაპობრივად, როცა ამ ქსელების ექსპლუატაციის ვადა გავა და მათი შეცვლა იქნება საჭირო, მოხდება მათი მიწის ქვეშ განთავსება და შესაბამისად ეს გაზსადენები, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ავარიის დროს გაზის გათიშვის მიზეზი ხდება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხებიც არის საყურადღებო, მერე უკვე დღის წესრიგიდან მოიხსნება.”- აცხადებს დავით ნარმანია.
როგორც ცნობილია, გაზსადენი მილების მიწის ქვეშ განთავსების ვალდებულებაზე მიმდინარე წლის სექტემბერში ირაკლი კობახიძემ განაცხადა და აღნიშნა, სოფლებში გაზის მილები იერსახეს ამახინჯებდა, შესაბამისად, ახალი სტანდარტის შემოღება აუცილებელი იყო.




























