კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობისთვის ჯარიმების ზრდაზე კანონპროექტი შემუშავდა, რომელიც დასამტკიცებლად, საკანონმდებლო ორგანოს გადაეგზავნება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განმარტა კანონპროექტის თანახმად, ჯარიმები I და II კლასის შემთხვევაში, დაახლოებით, 3-ჯერ, ხოლო IV და V კლასის შემთხვევაში, 5-ჯერ იზრდება.
სხდომის დასრულების შემდეგ კი თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ, დღეს გამართული სხდომის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობების ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობისთვის ჯარიმების გაზრდის შესახებ მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ კუთხით ათეულობით მილიონი ლარის ჯარიმა გაიწერა.
ვიცე-მერის თქმით, უკვე არსებული სანქციების პირობებში, დეველოპერ კომპანიებს ურჩევნიათ, ჯარიმა გადაიხადონ და მშენებლობა, დარღვევების მიუხედავად, გააგრძელონ.
“ცხადია, დარღვევები ხშირია, ათეულობით მილიონი ჯარიმაა გამოწერილი ბოლო წლებში, თუმცა ჯარიმა არ არის ჩვენი მიზანი, ჩვენი მიზანია დარღვევები მაქსიმალურად შევამციროთ.
არსებული სანქცია ვერ უზრუნველყოფს დარღვევის პრევენციას. ეს აქამდეც გაგვიკეთებია, მაგრამ დრო იცვლება, გადის წლები, იზრდება ეკონომიკა და რიცხვები იცვლება, შესაბამისად, მათი მოტივაციაც, რომ დაარღვიონ კანონი და სამშენებლო ნორმა, უფრო მეტია. რაც იმას ნიშნავს, რომ ჯარიმის ოდენობა ვერ უზრუნველყოფს პრევენციას, რადგან ურჩევნია ჯარიმა გადაიხადოს და ის ბიზნესსიკეთე მიიღოს, რაც ამ დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს. ცუდია, რომ გვქონდა და გვაქვს ისეთი საჯარიმო მოდელი, რომელიც დარღვევების პრევენციას ვერ უზრუნველყოფს და დეველოპერი მაინც არჩევს, რომ დარღვევის გზით წავიდეს.
ამიტომაც ვთვლით, რომ ჯარიმები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს. როდესაც ისტორიულ ზონაში ხდება სამშენებლო დარღვევა, მაგალითად, ერთ-ერთი კედლის ჩამოშლა, მართლა ის არ იყო ძეგლი, მაგრამ მერიის მიერ გაცემული ნებართვა ითვალისწინებს იმ კონკრეტული კედლის შენარჩუნებას და არა დაშლას, მაგრამ კედელი ჩამოიშალა, ცხადია ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი მოახდენს უკიდურეს რეაგირებას, მივიღებთ ყველა საჭირო ზომებს, მაგრამ იმ კედელს ვერაფერი აღადგენს”, - ამბობს ირაკლი ხმალაძე.
კულტურული მემკვიდრეობის ზონებში უნებართვო მშენებლობისთვის ჯარიმები იზრდება - კანონპროექტი