მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასაყიდად გამოტანილი A-კატეგორიის ტაქსის ნებართვის საფასური 10 000 ლარამდეა - ირაკლი ხმალაძე

64521e3cef9f9
თინათინ ნატმელაძე
03.05.23 13:40
19731
"taxi.tbilisi.gov.ge-ზე ნახავთ, რომ გასაყიდად გამოტანილია A-კატეგორიის ტაქსის ნებართვები, რომელთა საფასურიც დაახლოებით 10 000 ლარია, თუმცა ბაზრის დარეგულირების შემდეგ ვნახოთ, რა ფასზე დაჯდება", - ამბობს თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე მედიასთან საუბრისას.

ის აღნიშნავს იმასაც, რომ ამ რეფორმის შედეგად ტაქსის ბაზარზე საკმაოდ მსხვილი კაპიტალიზაცია მოხდა, ვინაიდან 35 000 ნებართვაა გაცემული.

ტაქსების რეფორმაზე საუბრისას, BMG-ის კითხვაზე, A კატეგორიის ტაქსებისთვის არსებული უპირატესობები B კატეგორიის ტაქსებს არათანაბარ მდგომარეობაში ხომ არ აღმოაჩენს, ირაკლი ხმალაძე პასუხობს, რომ მსურველებისთვის A კატეგორიის ნებართვის შეძენა ახლაც შესაძლებელია.

"ორი სხვადასხვა სერვისია, ყველამ კარგად იცის როგორ დავიწყეთ ტაქსების რეფორმა, პირველ რიგში გავანებართვიანეთ ყველა ტაქსის მძღოლი, ამის შემდეგ წინასწარ დავაანონსეთ და მათ ჰქონდათ არჩევანი, რომ აერჩიათ A ან B კატეგორია, მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა ვაუჩერი, რომ ვისაც ამის სურვილი ჰქონდა, გაეთეთრებინათ თავიანთი სატრანსპორტო საშუალებები. ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ დარჩენილიყო B კატეგორიის ბაზარზე, ყველა დარჩა.

ნებისმიერ პირს შეეძლო, რომ 20 მარტამდე აეღო A-კატეგორიის ტაქსის ნებართვა და ის ავტომატურად მოხვდებოდა ბაზაში. დაახლოებით 15 000-მა ფიზიკურმა პირმა, რომელიც მანამდე არ იყო ბაზარზე, აიღო A-კატეგორიის ნებართვა, შესაბამისად, ჩვენ თუ ეს შესაძლებლობა ყველას მივეცით, რატომ შეიძლება ვინმემ თავი დაჩაგრულად იგრძნოს, მითუმეტეს, რომ A-კატეგორიის ტაქსის ნებართვის შეძენა ახლაც შესაძლებელია", - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.

აქვე შეგახსენებთ, რომ A-კატეგორიის იმ ტაქსებისთვის, რომელთა ავტომანქანის ასაკი 10 წელს არ აღემატება, კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდება. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე კვირის წინ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები