მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მშენებლობის არქიტექტურული ტენდერი შეწყდა | მიზეზი

არსენალის მთა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეწყვიტა 2026 წლის 9 იანვარს გამოცხადებული ტენდერი, რომლითაც ფონდი იწვევდა არქიტექტურულ კომპანიებს თბილისში არსენალის მთაზე, სამთავრობო ქალაქის ესკიზური პროექტების მომზადებისთვის. როგორც სატენდერო კომისიის ოქმში არის აღნიშნული, შეწყვეტა უკავშირდება სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტებას.

ტენდერის შეწყვეტისას, ექვს საინჟინრო არქიტექტურულ კომპანიას საკუთარი წინადადება და პროექტის რენდერები უკვე წარდგენილი ჰქონდა. შეთავაზებების ღირებულება 3.3-4.4 მილიონი ლარის ფარგლებში იყო.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში 77 ჰექტარის მიწის ნაკვეთზე სულ 282,750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს. მათ შორის უნდა მოეწყოს ღონისძიებების გასამართი არანაკლებ 10,000 კვადრატული მეტრის მისაღები სივრცეც. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის ყველაზე დიდი იქნება თბილისის მერია 59,900 კვადრატული მეტრის ფართობით, პარლამენტის შენობისთვის კი 31,350 კვადრატული მეტრის საოფისე შენობა იქნება გათვალისწინებული.

ტერიტორიაზე განსათავსებელი შენობა-ნაგებობები:

  • პარლამენტის შენობა, ფართით არანაკლებ 31,350 მ²
  • მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ფართით არანაკლებ 7,000 მ²
  • ღონისძიებების დარბაზი, ფართით არანაკლებ 10,000 მ²
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,500 მ²
  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 20,700 მ²
  • რეგიონული განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,200 მ²
  • დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 51,900 მ²
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 23,800 მ²
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 47,400 მ²
  • განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ
    7,600 მ²
  • კულტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,600 მ²
  • თბილისის მერია, ფართით არანაკლებ 59,900 მ²
  • საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ფართით არანაკლებ
    7,000 მ²
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფართით არანაკლებ 1,800 მ²
  • სამეურნეო/დამხმარე ფუნქციის მქონე შენობა-ნაგებობები.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მოწყობის შესახებ განცხადება 2025 წლის დეკემბერში გააკეთა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ახალი საოფისე შენობების აშენების შემდეგ მთავრობა სამინისტროების ძველ შენობებს გაყიდდა.

ტენდერში ყველა კომპანიას დეტალური რენდერები არ ჰქონდა ატვირთული, თუმცა ერთ-ერთ კომპანია - შპს "მიდამოს" პროექტის განვითარების უფრო დეტალური რენდერები ჰქონდა წარდგენილი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები