მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ართანაში გაჩენილი ახალი ღვინის ბრენდი - „ელიბოს მარანი“ ბაზარზე პირველ ნაბიჯებს დგამს

ღვინო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში ახალგაზრდა მეღვინედ ჩამოყალიბებული შალვა ხუციშვილი რამდენიმე წელია „ელიბოს მარანს“ ავითარებს.

მცირე საოჯახო მარანი, რომელიც 100 000 ლარიანი ინვესტიციით, შეღავათიანი აგროსესხის დახმარებით აშენდა, მეწარმის მამაპაპისეულ ისტორიას უკავშირდება.

როგორც მეღვინე BM.GE-სთან საუბარში ამბობს, მარანი მისთვის არა მხოლოდ საწარმო, არამედ ოჯახის ისტორიის გაგრძელებაა : „მამაპაპისეულ სახლში გავიზარდე და როცა პაპამ ეს ადგილი მე დამიტოვა, გადავწყვიტე მის პატივსაცემად მარანი ამეშენებინა და მეღვინეობა შემექმნა. ასე დაიწყო „ელიბოს მარნის“ ისტორია“, - ამბობს ხუციშვილი.

მცირე, მაგრამ სრულად აღჭურვილი მარანი დღეს 6 ქვევრსა და 2 ცისტერნას აერთიანებს. მეწარმემ უკვე შეძლო 2024 წლის პირველი წარმოების ბაზარზე გაშვება: 500 ბოთლი საფერავი და 200 ბოთლი ქისი, რომლისთვისაც ნედლეული მთლიანად მისივე 1.5 ჰექტარზე გაშენებული ვენახებიდან მოდის.

ხუციშვილის განმარტებით, წარმოება ამ ეტაპზე მცირე მოცულობისაა - წელიწადში დაახლოებით 2 ტონა ყურძნის გადამუშავება. შესაბამისად, პროდუქციის რეალიზაცია მხოლოდ სოციალურ ქსელებსა და ადგილობრივ მომხმარებელზე ხდება.

„მარკეტებში შესვლას მცირე მოცულობის გამო ვერ ვახერხებ, ამიტომ, პროდუქტს სოციალური ქსელების საშუალებით ვყიდით. ამჟამად 1 ლიტრი ღვინის ფასი 15 ლარია“, - ამბობს ხუციციაშვილი და დასძენს, რომ მარანში მხოლოდ ოჯახის წევრები არიან დასაქმებული და დაქირავებული თანამშრომლები არ ჰყავთ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, მისი სამომავლო გეგმა ექსპორტს უკავშირდება, რისთვისაც ამ ეტაპზე კოლეჯში საერთაშორისო ბაზრებში შესვლის სტრატეგიებს სწავლობს : „ვხედავ პოტენციალს, რომ მომავალში საექსპორტო მიმართულებასაც შევეჭიდო. მინდა, ართანაში შექმნილი ჩვენი ოჯახური ღვინო საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავიტანო“, - აცხადებს ახალგაზრდა მეღვინე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები