„არც არგუმენტს და არც კონტრარგუმენტს აქვს აზრი, აზრი აქვს მხოლოდ წინააღმდეგობას“ - ეს განცხადება საპარლამენტო ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც ქართველი საზოგადოება „რუსული კანონის“ განხილვების დაწყებას აპროტესტებს.
ელისაშვილმა მის მიერ მამუკა მდინარაძესთან ფიზიკური დაპირისპირების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ 4-საათიანი დემაგოგიის მოსმენას ვეღარ გაუძლო.
„საქართველო აღარასოდეს გახდება რუსეთი. სულ მაინტერესებდა როგორები იყვნენ ფილიპე მახარაძეები, სერგო ორჯონიკიძეები და დღეს ვუყურებდი მათ, მათ დემაგოგიას და უტიფრობას და სიმართლე გითხრათ ყელში ამომივიდა. მე არც ხულიგანი ვარ და არც ძველი ბიჭი, მაგრამ მე ვარ ქართველი. დავიბადე და მოვკვდები ქართველად. შარშან რომ კანონი გაიტანეს თქვეს, რომ უპირობოდ გაჰქონდათ კანონი და იმ დროს როდესაც ყველანი ვტკბებოდით ჩვენი ფეხბურთელების თავგანწირვით, თურმე ესენი რა ბოროტებაზე ფიქრობდნენ. ეს იყო წითელი ხაზი ჩემთვის, იმიტომ რომ არც არგუმენტს და არც კონტრარგუმენტს აქვს აზრი, აზრი აქვს მხოლოდ წინააღმდეგობას. წინააღმდეგობაა ქართველი ერის არსებობის არსი. ასე გადავრჩით ჩვენ.
რამ გაგვტანჯა ამდენი წელი - რუსეთმა წაგვართვა ტერიტორიები, იქიდან გამოგვიყარა ხალხი, ის ტერიტორიებიც გაოხრებულია, ან ცხინვალს შეხედეთ ან სოხუმს შეხედეთ, იმათაც აწვალებს და აბუჩად ექცევა, მაგრამ ისინი იმიტომ ჰყავს ისე რომ ჩვენ ვიყოთ ღატაკები და ბოლოს და ბოლოს გმირი უკრაინელების თავგანწირვის შედეგად ჩვენთვის გაიღო უისტორიულესი შესაძლებლობა, რომ შევიდეთ ევროკავშირში და გავხდეთ ნორმალური ქვეყანა და ამ დროს რას აკეთებენ, ამ კარს ისევ წიხლით გვიხურავენ ისევ ქართველები“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.