მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არც წაკითხულის გააზრების პრობლემა მაქვს, არც ბულინგის მსხვერპლი ვარ" - ზამბახიძე კობახიძეს

ზამბახიძე კობახიძე

„არც წაკითხულის გააზრების პრობლემა არ მაქვს, არც ბულინგის მსხვერპლი ვარ“ - ასე ეხმაურება „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის იმ შეფასებას, რომლის თანახმადაც, მოქალაქეებს, მათ შორის ბიზნესსაზოგადოებას, ვინც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება, ან „წაკითხულის გააზრების პრობლემა აქვს“ ან „ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგის მსხვერპლია“.

„ვფიქრობ, არავის და არაფრის მსხვერპლი ვარ და თუ მაინც და მაინც უნდა ვიყო, ვარ პროდასავლური ღირებულებების მსხვერპლი“, - განაცხადა ნინო ზამბახიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად.

„საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ ერთ-ერთია იმ 13 ბიზნესორგანიზაციას შორის, რომელმაც „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება - 2028 წლამდე არ დააყენოს დღის წესრიგში ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი - დაგმო.

„მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, რაც აქტიურად ვსაქმიანობ სოფლის მეურნეობაში და ეს იწყება 2008 წლიდან და არა 2012 წლიდან, როცა [ქართული ოცნების] ხელისუფლება მოვიდა, ვემსახურებოდი იმას, რომ ევროკავშირთან ასოცირების ნაწილში ვყოფილიყავით ძალიან ახლოს და ფერმერულ მეურნეობებში ყოფილიყო ის სტანდარტები, რაც ევროკავშირს ჰქონდა“, - ამბობს ნინო ზამბახიძე.

მისთვის გაუგებარია მმართველი პარტიის ბოლო წლების პოლიტიკა ევროკავშირთან მიმართებით და ამის შესახებ სოციალურ ქსელში საჯარო პოსტიც გამოაქვეყნა, რომლის მთავარი ადრესატი „ქართული ოცნება“ იყო.

“2012 წლიდან არ ამაყობდით იმით, რომ სწორედ თქვენ მიაღებინეთ საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი და ევროპული მომავლის პერსპექტივა?! თქვენ არ გვეუბნებოდით, ბატონო, რომ ეს ყველაფერი თქვენი დამსახურება იყო?! თქვენ არ ამბობდით, რომ სიტყვის თავისუფლება, მშვიდობა და ღირსება თქვენი მონაპოვარი იყო?! არ ამბობდით, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც ამ თავისუფლებაში გაიზარდნენ და ნათელი მომავალი გაიაზრეს, თქვენი დამსახურება იყო?!

თუ ეს ასე იყო, დღეს რატომ გიკვირთ, რომ ამ პერსპექტივას აპროტესტებენ, როცა თავად ხელს უშლით მას?! ამის გამო ძალადობთ? ამის გამო სჯით? ახლა შეხვდებით ამ ბავშვების გაბრაზებულ მშობლებს, ჟურნალისტების გაბრაზებულ მშობლებს, იმ გაბრაზებულ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს, რითაც თქვენ ამაყობდით.

ან წარსული გახსოვთ და სხვის შეცდომებზე სწავლობთ, ან - ვერა!“, - დაწერა ნინო ზამბახიძემ facebook-ის პირად გვერდზე.

„წერტილთან ინტერვიუში „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაგმო საქართველოს მოქალაქეებსა და ჟურნალისტებზე ძალადობა და მოუწოდა „ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდეს ევროპულ გზას, რაც ქართველი ხალხის არჩევანია.

„ჩემი მხარდაჭერა ყველა ჟურნალისტს, მათ შორის ელენე კვანჭილაშვილს და მის ოჯახს. ვფიქრობ, ყველა ადამიანი მადლიერი უნდა იყოს იმ საქმის გამო, რასაც დღეს ჟურნალისტები აკეთებენ“, - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები