„ეს არის ბრძოლის ფაზა“, – ასე აფასებს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე BMGTV-ს გადაცემაში BMGDRIVE ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, არცერთი ოლიგარქი არჩევნებს არ აგებს, ეს წარმოუდგენელია. შესაბამისად, ქვეყანამ უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ ოლიგარქს ძალაუფლება გამოსტაცოს.
ქადაგიძე დასძენს, რომ ოლიგარქი ახლა უფრო სუსტია, ვიდრე მანამდე იყო.
„არცერთი ოლიგარქი არჩევნებს არ აგებს. ჩვენ უნდა გამოვტაცოთ მას ძალაუფლება. ეს არის ბრძოლის მორიგი პროცესი, რომელიც გავიარეთ. დღეს ოლიგარქი უფრო სუსტია, ვიდრე მანამდე. ყველაზე ურწმუნო თომაც კი დარწმუნდა იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი არსად წავა. ფაქტობრივად აქ დინასტია დააფუძნა, თავისი საცეცებით და რუსეთთან სატელიტი სახელმწიფო გააჩინა. ეს თითოეულ ჩვენგანს უქმნის საფრთხეს ეკონომიკური თვალსაზრისით, უმუშევრობის თვალსაზრისით, ფასების თვალსაზრისით, ხელფასების თვალსაზრისით, შინაარსის თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისით. ყველა თვალსაზრისით საქართველო დგას უფსკრულის წინაშე და ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს უფლება, რომ ამ პროცესში ბრძოლა შევწყვიტოთ, რადგან ამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაბარებთ იმას, რაც არ მოგვიპოვებია. რისთვისაც ჩვენი წინაპრები საუკუნეები იბრძოდნენ, რომ ქართულად გვესაუბრა და დამოუკიდებლები ვყოფილიყავით. ეს ქვეყანა ჩვენია. ვინმემ ივანიშვილს აჩუქა?
ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ [საქართველოსთვის], რადგან გვართმევენ. რთულია, დარტყმა მივიღეთ, მაგრამ ახლა უნდა გავაანალიზოთ და გადავაფასოთ მდგომარეობა და ახალი ძალებით შევუტიოთ. კიდევ უფრო მეტად დავაფასოთ თანამოაზრეები. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნიდან წასვლას არ ვაპირებ. სანამ შეგვეძლება ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის და რუსეთის სატელიტებს არ ჩავაბაროთ“, - განაცხადა ქადაგიძემ.