მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასანთის ქარხანა - ვერ, მაგრამ მის ნაცვლად ხობში დაფნის საწარმო ამოქმედდა - კომპანიის გეგმები

6038c3482ea56
ვიქტორია მღებრიშვილი
26.02.21 19:53
1548
ხობში ასანთის ქარხნის ნაცვლად ამოქმედებული დაფნის საწარმო 3 თვეა, რაც გაჩერებულია. მიზეზად კომპანია „მარსის“ დამფუძნებელი, რომელიც აღნიშნულ საწარმოს ფლობს, საერთაშორისო ბაზარზე პანდემიის გამო დაფნაზე მოთხოვნის და ღირებულების კლებას ასახელებს.

შეგახსენებთ: „მარსმა“ ხობში დაფნის გადამამუშავებელი საწარმო 2018 წელს აამოქმედა და 20-მდე ადამიანი დაასაქმა. პროექტში 1,5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც 150 000 ლარი სახელმწიფო პროგრამა „შეღავათანი აგროკრედიტის“ ფარგლებში გამოეყოთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ დაფნის საწარმომდე ადგილზე ბიზნესმენს ასანთის ქარხნის აშენება სურდა და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფომ მიწის ნაკვეთი კი გადასცა, მაგრამ ბიზნეს პროექტი ბანკებმა არარენტაბელურად და არაკონკურენტულად ჩათვალეს და სესხი არ დაუმტკიცეს, რის შემდეგაც ემზარ ბასილაიამ ადგილზე დაფნის საწარმოს გახსნა გადაწყვიტა.

BM.GE-ისთან საუბარისას ემზარ ბასილაია აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო დროებით გაჩერებული საწარმოს ამოქმედებას გაზაფხულიდან გეგმავს.

„2020 წლის წლის ზაფხულში უკრაინაში 42 ტონა მშრალი დაფნა გავიტანეთ ექსპორტზე. დღეისთვის მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა შემცირებულია და გაზაფხულისთვის ვფიქრობთ, რომ ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება. შესაბამისად, ჩვენც განვაახლებთ წარმოებას და საექპსორტო ბაზრებზე პროდუქტის რეალიზებას. უკრაინის გარდა, მოთხოვნა არის ჩინეთიდანაც, თუმცა ამოქმედების შემდეგ შევხედავთ, რა მიმართულებით გავაქტიურდებით“, - განაცხადა ელიზბარ ბასილაიამ.

უცხოურ ბაზარზე პროდუქტის მოთხოვნისა და ღირებულების გასაზრდელად კომპანია „მარსის“ დამფუძნებელი პროდუქციის ბრენდირებას გეგმავს. როგორი იქნება პროდუქტის შეფუთვა და სახელი ჯერ არ იცის, თუმცა თვლის, რომ ის უფრო მიმზიდველი გახდება.

„წარმოების განახლების შემდეგ, ვფიქრობთ, რომ საწარმო აღვჭურვოთ ლაზერის დანადგარით, რომლითაც პროდუქტის ბრენდირებას შევძლებთ და ამის მერე მცირე შეფუთვებით გავიტანოთ, რისთვისაც 0.5 მლნ დოლარის ინვესტიციის ჩადება მოგვიწევს“, - განაცხადა ემზარ ბასილაიამ და დასძინა, რომ პროექტი დამუშავების პროცესშია და საიდან მოიძიებს საწარმოს განვითარებისთვის ფინანსურ რესურსს, ჯერ არ იცის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები