საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი ამბობს, რომ სექტორისთვის მოგების გადასახადის 5%-იანი ზრდა მოულოდნელია და საკითხზე ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციები არ ყოფილა.
როგორც მან BMG-სთან განაცხადა, სექტორს ოპტიმიზაცია მოუწევს, ვინაიდან დაახლოებით 200 მილიონ ლარამდე ექნებათ დამატებით გადასახდელი. ამასთან, გიორგი მამულაიშვილი ხაზს უსვამს, რომ ასეთი ხშირი საკანონმდებლო ცვლილებები და გადასახადების ზრდა საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად აისახება.
"სახელმწიფო, როგორც ყოველთვის, თავის ამპლუაშია და საახალწლო სიურპრიზს გვიმზადებს ბიზნესს უკვე მესამე წელია. გასაგებია, რომ ბიუჯეტის შევსება უნდათ, მაგრამ ჩვენთვის ეს მოულოდნელი იყო. ამასთან, გუშინ სახელმწიფომ აღიარა, რომ სხვა რეგულაციებიდან, რაც აქამდე ჰქონდათ მიღებული, რეალურად არც ერთმა იმუშავა და იმ ცვლილებებმა, რაც კანონმდებლობაში შეიტანეს პირიქით, ხელი შეუწყო არალეგალური ბიზნესის განვითარებას.
როგორც ორი წლის წინ, სექტორს რაღაც მიმართულებებით ოპტიმიზაცია მოუწევს. რეალურად გამეორდება ის სცენარი, რაც იყო 2022 წელს. ბიზნესმა 2 წელი დახარჯა, რომ 2023 წელს საწყის ნიშნულზე დაბრუნებულიყო და 2024 წელს ზრდა ეჩვენებინა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ცვლილებები ყოველ წელს ხდება, ეს პირველ რიგში საინვესტიციო გარემოსთვისაა ძალიან ცუდი.
საბოლოო ჯამში, ასე თუ გავაგრძელებთ ბიზნესის გადასახადების ზრდას, ახალი ინვესტორი ჩვენ არ გვეყოლება, ოპერატორები იფიქრებენ იმაზე, როგორ შეამცირონ ხარჯები, რაც გამოიწვევს, რომ არალეგალური ოპერატორები ისევ გაჩნდებიან ბაზარზე",- განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.
ცნობისთვის, 9 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილებაზე ისაუბრა და მათ შორის, განაცხადა, რომ თამაშების ორგანიზატორებზე მოგების გადასახადი 5%-ით იზრდება.
"უნდა შემცირდეს გარკვეულ რისკები, განსაკუთრებით ახალგაზრდობასთან მიმართებით. სხვა სახის გადაწყვეტამ ისეთი შედეგი არ მოგვცა, რომელსაც ჩვენ ველოდით. ასევე საბიუჯეტო სახსრების მოზიდვის თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.