"არ არის არსებითი ცვლილება, მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ", - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აზარტული თამაშების კანონში ცვლილებებზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
პრემიერი საზოგადოების ნაწილის კრიტიკული პოზიციის საპასუხოდ ამბობს, რომ სინამდვილეში ამ კანონპროექტს არავითარი განსაკუთრებული სიახლე არ შემოაქვს.
"საუბარია კონკრეტული ტიპის ტურნირებზე, მაგალითად პოკერის ტურნირზე, რომელიც საერთაშორისო სპორტულ არხებზე გადაიცემა და აქ საუბარია კონკრეტული საგადასახადო რეგულაციების შემოღებაზე. შესაბამისად არ შემოდის არავითარი განსაკუთრებული ცვლილება. ამ საკითხთან დაკავშირებით ფართო დისკუსია საერთოდ არ იყო საჭირო. მე თვითონ საერთოდ არ ვიყავი საქმის კურსში იმდენად უმნიშვნელოა ეს ცვლილება თავისი შინაარსით. ლობისტები ყველა კანონს შეიძლება ჰყავდეს, რეალურად ინიციატორები ჰყავს, ლობისტები კი არ ჰყავს ამ კანონპროექტს. მეტი ფული თუ სადმე შეიძლება შემოვიდეს, საბოლოოდ სახელმწიფო ბიუჯეტში შევა", - ამბობს კობახიძე.
პარლამენტმა, დაჩქარებული წესით კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა. საკანონმდებლო პაკეტის განხილვა პარლამენტში 26 ოქტომბერს დაიწყო და პირველი, მეორე და მესამე მოსმენით 27-28 ოქტომბერს დამტკიცდა.
























