მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ასე თუ გავაგრძელეთ, სავარაუდოდ, გავკოტრდებით" - Nikolo Brega

NIKOLO BREGA

"ასე თუ გავაგრძელეთ, სავარაუდოდ, გავკოტრდებით”, - ამის შესახებ ხელნაკეთი აქსესუარების ბრენდის "ნიკოლო ბრეგა" დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბრეგაძემ BM.GE-ს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ქვეყანაში პრაქტიკულად ყველა მიმართულებით ფასები გაიზარდა, ეს იქნება ნედლეული, რეკლამა თუ სხვა. შესაბამისად, ქართული ბრენდის საოპერაციო ხარჯი საშუალოდ 25%-ით არის გაზრდილი, რაც მომხმარებლის ქცევაზე პირდაპირ აისახა.

"ამ ხალხს უბრალოდ არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ პროდუქცია შეიძინოს, მიუხედავად იმისა, რომ მოსწონთ ჩვენი პროდუქცია. ასე თუ გაგრძელდება, თანამშრომლების გაშვება მოგვიწევს. თავიდან ასე დავიწყებთ და შემდეგ რა მოხდება, არ ვიცი. ჯერჯერობით ძალიან რთული მდგომარეობაა", - აღნიშნავს ის.

მისი თქმით, მიუხედავად გაზრდილი ხარჯებისა, კომპანია პროდუქციის უმეტესობაზე ფასების ზრდას არ გეგმავს, რადგან არსებული ფასიც მომხმარებლისთვის უკვე მიუწვდომელია. გამონაკლისს მხოლოდ ვერცხლის ნაწარმი წარმოადგენს, რომლის გაძვირებაც ნედლეულის ფასის მკვეთრმა ზრდამ გამოიწვია.

ნიკოლოზ ბრეგაძის განმარტებით, ბოლო რამდენიმე თვეში ვერცხლის ფასი სამჯერ გაიზარდა, ხოლო იმ პერიოდთან შედარებით, როცა კომპანიამ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყო - ოთხჯერ.

"თუ ადრე ერთი გრამი ვერცხლი დაახლოებით 2.5 ლარი ღირდა, ახლა 11.5 ლარამდე ავიდა. ამიტომ მოგვიწია ვერცხლის პროდუქციაზე ფასის დაახლოებით 30%-ით გაზრდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მეტი მოგება გვრჩება. პირიქით, მარჟა შემცირებულია.

რეკლამაც ძალიან გაგვიძვირდა. თუ ადრე 500 დოლარი გვყოფნიდა კონკრეტული შედეგის მისაღებად, ახლა იგივე შედეგისთვის დაახლოებით 2500 დოლარია საჭირო და ზოგჯერ სასურველ შედეგს ამ თანხითაც ვერ ვიღებთ", - ამბობს ბრეგაძე.

მისი შეფასებით, მოკლევადიან პერიოდში მდგომარეობის გაუმჯობესება ნაკლებად მოსალოდნელია: “ჩვენი მდგომარეობა არ გამოსწორდება - გამორიცხულია. ამ ხალხს უბრალოდ არ აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი, რომ პროდუქცია შეიძინოს, მიუხედავად იმისა, რომ მოსწონთ", - აცხადებს ბრეგაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები