ლიეტუვისა და ესტონეთის მიერ ქართული ოცნების ლიდერებისა და მათთან აფილირებული პირების დასანქცირების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასეთ დაბალ პროვოკაციებს არ აჰყვება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, ესტონეთისა და ლიეტუვის განცხადება, ანალოგიურია უკრაინის ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული განცხადებისა, რაც ნიშნავს, რომ მათ საკუთარი აზრი არ გააჩნიათ.
„დღეს ვნახეთ საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ ჩვენ ასეთ დაბალ პროვოკაციებს არ ავყვებით. ჩვენ ესტონელი და ლიეტუველი ხალხის მიმართ დავრჩებით იმ მეგობრულ ურთიერთობაში, რომელიც გვეკადრება. იგივეს ვხედავდით ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მიმართაც. სხვათა შორის, სია, რომელიც გამოაქვეყნეს იდენტურია უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული სიისა. აქაც ჩანს საერთო ხელი, რომელიც ამ ხელისუფლებებს მართავს. საერთო ხელწერა. უკვე ერთი და იგივე სიებსაც უდებენ. ამ მხრივაც კი საკუთარი აზრი არ აქვთ ჩამოყალიბებული. უბრალოდ copy-paste-ით იმართება ეს ყველაფერი.
ჩვენ ამ ურთიერთობაში უკრაინის ხელისუფლებასთანაც დიდი ხანია ვართ. ვინარჩუნებთ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას უკრაინელ ხალხთან. ამ პროცესების შემდეგ, რაც უკრაინის ხელისუფლებამ იკადრა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ამის შემდეგ ჩვენ უკრაინელ ბავშვებსაც ვიღებდით, მათ შორის პარლამენტის ორგანიზებით. არც ჰუმანიტარული დახმარება შეგვიჩერებია. არც საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინელი ხალხის დახმარება არ შეგვიჩერებია, ვინაიდან ხელისუფლებები იცვლება, შეიცვლება უკრაინაშიც, შეიცვლება ლიეტუვაში და ესტონეთშიც. საბოლოო ჯამში, ეს ხალხები მიხვდებიან, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩვენი ხალხების საერთო ინტერესით მოქმედებდა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.