მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა და ლიეტუვამ კრიტიკული მინერალების მოპოვებაზე შეთანხმება გააფორმეს

აშშ და ლიეტუვა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ლიეტუვამ კრიტიკული მინერალების მოპოვების მიმართულებით თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. როგორც ირკვევა, ურთიერთგაგების შესაბამის მემორანდუმს ხელი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კესტუტის ბუდრისმა მოაწერეს.

ორმხრივი დოკუმენტის გაფორმების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

როგორც ირკვევა, ორი ქვეყნის შეთანხმება მიზნად ექვსი თვის ვადაში პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრასა და მათ დასაფინანსებლად საჯარო თუ კერძო სექტორების მობილიზებას ისახავს. კესტუტის ბუდრისის განცხადებით, ამ პარტნიორობის ფარგლებში მასშტაბური პროექტები განხორციელდება. ლიეტუველი დიპლომატის შეფასებით, ეს ინიციატივები ორივე სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ კეთილდღეობას გააძლიერებს.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონსა და ვილნიუსს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გლობალური მიწოდების ჯაჭვების მდგრადობის უზრუნველყოფას უკავშირდება. მარკო რუბიოს განმარტებით, ფოტონიკის დარგში ლიეტუვა მსოფლიო ლიდერად მიიჩნევა. შესაბამისად, შტატები დაინტერესებულია, რომ ამ რესურსზე წვდომა მოიპოვოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ეს ორმხრივი პარტნიორობა ორივე ქვეყნის ეკონომიკასა და თავდაცვისუნარიანობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

ცნობისთვის, კრიტიკული და იშვიათი მიწის ლითონები მაღალტექნოლოგიური მრეწველობის, განახლებადი ენერგეტიკისა და თავდაცვითი სისტემების განვითარებისთვის გამოიყენება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები