მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ს მოქალაქეებს პირველი პასპორტის აღება ონლაინ შეეძლებათ

მარკო რუბიო და პასპორტი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ოფიციალურად წარადგინა ახალი ციფრული ინიციატივა, რომელიც მოქალაქეებს პირველი საპასპორტო განაცხადის (და არა მხოლოდ ძველის განახლების) სრულად ონლაინ შევსების საშუალებას მისცემს.

არსებული ინფორმაციით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმა America.gov მომხმარებლებს ფედერალური სერვისებით სარგებლობას გაუმარტივებს და საპასპორტო მომსახურების სრულად დისტანციურ მიღებას მომავალი წლიდან გახდის შესაძლებელს. რუბიომ პრეზენტაციის მსვლელობისას არსებულ ბიუროკრატიულ მექანიზმებზე ისაუბრა და ისინი გააკრიტიკა. დიპლომატის განმარტებით, სახელმწიფო დეპარტამენტი საპასპორტო სისტემის ფუნდამენტურ განახლებას სწორედ იმიტომ გეგმავს, რომ ძველი მოდელი მოქალაქეებისთვის დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი სისტემა საპასპორტო განაცხადის წარდგენის პროცესს მაქსიმალურად ამარტივებს. რუბიოს მიერ წარმოდგენილი დემონსტრაციის მიხედვით, მომხმარებელს საძიებო ველში მხოლოდ შესაბამისი პასუხების გაცემა მოუწევს. ამ ნაბიჯის შემდეგ მოქალაქეები საკუთარი ფოტოს გადაღებას, დოკუმენტზე მისი საბოლოო სახის შემოწმებას და მომსახურების საფასურის გადახდას ერთიან სივრცეში, ტელეფონიდანვე შეძლებენ.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თქვა, ამერიკელი ხალხი გაცილებით მოქნილ და თანამედროვე სახელმწიფო სერვისებს იმსახურებს.

ახალი პლატფორმის პრეზენტაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც დაესწრო. ტრამპმა ახალ ვებგვერდს "სრულყოფილი პროდუქტი" უწოდა. პრეზიდენტის თქმით, America.gov-ის დახმარებით ფედერალური მთავრობა მოქალაქეებს ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს აღარ შეუქმნის. პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა Airbnb-ის თანადამფუძნებელ ჯო გებიას, რომელიც ამჟამად National Design Studio-ს ხელმძღვანელობს და ქვეყნის მთავარი დიზაინერის პოსტს იკავებს. თეთრი სახლის ლიდერმა გებია ამ ინოვაციური მიღწევის მთავარ შემოქმედად დაასახელა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი საპასპორტო დოკუმენტის მისაღებად მოქალაქეებს აქამდე განაცხადის პირადად წარდგენა და ხანგრძლივი პროცედურების გავლა უწევდათ. ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე America.gov-ის ამოქმედებით კი ფედერალური ხელისუფლება საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობას გაზრდის და ბიუროკრატიულ პროცესებს მაქსიმალურად გაამარტივებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები