მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ასეთ ვითარებაში ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ნამდვილად არ ყოფილა" - სანდრო ჭუმბურიძე

ჭუმბურიძე

ევროკავშირი–საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივნის, სანდრო ჭუმბურიძის თქმით, აშშ-ის მიერ საქართველოს მოქალაქეებზე სანქციების დაწესება საქართველოს ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით არასახარბიელო შედეგს მოუტანს. როგორც მან აღნიშნა, როდესაც სტრატეგიული პარტნიორი სანქციებს აწესებს, "ეს იმის მიმანიშნებელია, რომ უფრო სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხებს".

„ასეთ ვითარებაში ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან დღემდე, ნამდვილად არ ყოფილა“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ნებისმიერი კეთილსინდისიერი ინვესტორი, როდესაც ქვეყანაში ინვესტიციის ჩასადებად შემოდის, პირველ რიგში, უყურებს იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს, რომელშიც ქვეყანა იმყოფება.

"როდესაც ინვესტორი ხედავს, რომ სანქციებზე, გართულებულ დიალოგსა და ვითარებაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, თავს შეიკავებს. ეს თავისთავად დამაზიანებელი იქნება. მეტი კომუნიკაცია და ახსნა-განმარტებაა საჭირო როგორც მთავრობის, ასევე ბიზნესის მხრიდან. მოვუფრთხილდეთ ჩვენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებს, ვინაიდან მე პირადად საქართველოს განვითარება ამერიკისა და ევროკავშირის გარეშე ძალიან რთულად მესახება.

ქვეყანა არის ოკუპირებული და უზარმაზარი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, როგორც შიდა, ასევე რეგიონალური და ზოგადად გლობალური გამოწვევების კუთხით. ყველა ნაბიჯი უნდა იყოს გათვლილი, რათა შევინარჩუნოთ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობა. ჩვენ არ გვაქვს ძლიერი ეკონომიკა, მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტენდენცია არის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის შენარჩუნებადი და არ არის მყიფე. ამიტომ ყველამ მაქსიმალურად გავთვალოთ რისკები, ეს შეეხება როგორც მთავრობას, ასევე ბიზნესს და საზოგადოებას“, - განაცხადა სანდრო ჭუმბურიძემ.

შეგახსენებთ, 16 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ხაზინამ საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციების პაკეტი წარადგინა. აშშ-ის ხაზინამ 4 ადამიანი - შსს-ის სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. მათ ფინანსური სანქციები გლობალური მაგნიტსკის სიის ფარგლებში დაუწესდათ. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა სავიზო სანქციებიც და ის დაუწესა 60 პირსა და მათ ოჯახის წევრებს, ვინც ქვეყანაში დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, დეზინფორმაციის გავრცელებასა და კორუფციაში არიან ჩართული.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საბანკო ასოციაციაში bm.ge-სთან აღნიშნეს, რომ კომერციული ბანკები წარსულშიც იცავდნენ და მომავალშიც დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.

შეგახსენებთ, გასულ წელს, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებით სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები