ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, GMP სტანდარტზე გადასვლა არ გადავადდება. ასე უპასუხა მან bm.ge-ს მიერ დასმულ შესაბამის კითხვას.
„GMP-ს სტანდარტი არ გადავადდება, ვინაიდან ეს სტანდარტები არის ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შემიძლია მოგაწოდოთ ყველა იმ დაწესებულების დასურათებული ვერსიები, რომლებიც ითხოვენ GMP-სტანდარტის გადავადებას. მე ვთვლი, რომ საქართველოში მსგავსი საწარმოების არსებობა სირცხვილია. დანაშაულია, რომ უფლებას ვაძლევთ და იქ წარმოებული მედიკამენტები იყიდება აფთიაქებში“, - განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ: ფარმაცევტული სექტორის არაერთი თხოვნის მიუხედავად, ჯანდაცვის სამინისტრო პოზიციას არ ცვლის, რაც იმას ნიშნავს, რომ ცვლილებების ამოქმედება არ გადავადდება და 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ფარმაცევტული პროდუქცია მხოლოდ GMP-ის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად უნდა იყოს წარმოებული.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სტანდარტზე გადასვლა ჯერ კიდევ 2016 წლიდან იგეგმებოდა, თუმცა სისტემის დანერგვა 2018 წლის იანვრამდე გადაიდო, მოგვიანებით კი 2019 წლის 1 ივლისიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე გარდამავალი პერიოდი განისაზღვრა ანუ კომპანიებს საკმარისი დრო ჰქონდათ ახალ სტანდარტზე გადასასვლელად მომზადებულიყვნენ, თუმცა დღეს, როცა რამდენიმე თვეა დარჩენილი 2022 წლამდე, ძალიან ბევრი კომპანია ამბობს, რომ ამისთვის მზად ისევ არ არის.
რეგულაციის გადავადებას ფარმაცევტული სექტორი გასული წლიდან ინტენსიურად ითხოვს; მიმართეს პრემიერს, პარლამენტს, ჯანდაცვის სამინისტროს. მათ შორის ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მხრიდან საკითხი რამდენჯერმე დაისვა ინვესტორთა საბჭოზეც, თუმცა მთავრობა ჯერ გადაწყვეტილებას არ ცვლის.




























