საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვისთვის ანალიტიკური სამუშაოები გრძელდება და შედეგების ანგარიში, ისევე როგორც სამომავლო რეკომენდაციები, წლის ბოლოს გახდება ცნობილი - ამის შესახებ უწყებამ BM.GE-ს ოფიციალური კითხვის საპასუხოდ მისწერა.
საქმე ისაა, რომ გასულ თვეში განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში მოხსენებისას, სასკოლო კვების პროგრამაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. 13 ივნისს მინისტრმა აღნიშნა, რომ “სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით დეტალები 1-2 თვეში” გახდებოდა ცნობილი.
იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება სკოლებში უფასო კვების დანერგვაზე 2019 წლიდან მუშაობს და განათლების ექსპერტები ამილახვრის ამ განცხადებას სკეპტიკურად უყურებენ, BM.GE დაინტერესდა, ამჟამად რა ეტაპზეა პროგრამაზე მუშაობის პროცესი, რა ტიპის მოდელები განიხილება და რას უნდა ელოდონ მოსწავლეთა მშობლები 2024-25 სასწავლო წლისგან - შესაბამისი კითხვებით განათლების სამინისტროსაც მივმართეთ.
“გაცნობებთ, რომ ბოლო ათეული წლების მანძილზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სასკოლო კვების პროგრამის არარსებობაა. შესაბამისად, სასკოლო სისტემის კვების ასაწყობად განსავითარებელია ბევრი კომპონენტის ერთობლიობა: ინფრასტრუქტურა, მომწოდებელთა ქსელი, სტანდარტები, კვალიფიციური პერსონალი და ა.შ. საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და პარტნიორ სამინისტროებთან თანამშრომლობით ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიმართულებით.
სასკოლო ინფრასტრუქტურის შესწავლისა და სასკოლო საზოგადოების დამოკიდებულებების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ პირველ ეტაპზე გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა სკოლების ნაწილში მოქმედი ბუფეტებისთვის რეკომენდაციების შემუშავება. პარტნიორი სამინისტროებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით დამტკიცდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის დადგენილი მინიმალური მოთხოვნები.
დამტკიცდა „სასკოლო კვების პროგრამა“, რომლის ფარგლებში მუნიციპალურ დონეზე განხორციელდა ადგილობრივი საჭიროებების დეტალური კვლევა სასკოლო კვების ორგანიზების მოდელების შესარჩევად. შეიქმნა შესაბამისი ჯგუფი, განისაზღვრა სამუშაოების დეტალური გეგმა, მომზადდა კითხვარი და განხორციელდა საველე სამუშაოები საქართველოს მასშტაბით. ჯგუფის მიერ თითოეულ სკოლაზე შეგროვდა საჭირო ინფორმაცია და ფოტომასალა კვების მოდელების შესაბამისობის დასადგენად, სკოლების შესაძლებლობებთან და პოტენციალთან მიმართებით.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ანალიტიკური სამუშაოები, რის საფუძველზეც განისაზღვრება რომელ სკოლას სასკოლო კვების უზრუნველყოფის რომელი მოდელის განხორციელების შესაძლებლობა ექნება. შედეგების ანგარიში და სამომავლო რეკომენდაციების შემუშავება სასკოლო კვების პროგრამის განვითარებისთვის დაგეგმილია წლის ბოლოსთვის”, - ნათქვამია სამინისტროს წერილში.
სამინისტროსთან გაგზავნილ წერილში კითხვები კვების განხილულ მოდელებსა და სავარაუდო ბიუჯეტსაც შეეხებოდა, თუმცა უწყებამ ამ კითხვებზე არ გვიპასუხა.
სკოლებში უფასო კვების პროგრამის დანერგვაზე ჯერ კიდევ 2021 წელს ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე საუბრობდა და აღნიშნავდა, რომ სამინისტრო ამ საკითხზე უკვე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა და შედგენილი იყო კონკრეტული გეგმა.