ილია ვეკუას სახელობის თბილისის №42-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, ჩვეულ რეჟიმში, თუმცა „გაძლიერებული უსაფრთხოების“ ზომებით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას მოსწავლეთა მშობლები ავრცელებენ, რომლებმაც ოფიციალური შეტყობინება განათლების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსისგან მიიღეს.
სამინისტროს წერილის თანახმად, პროცესში ჩაერთვებიან ექსპერტები, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შენობის „სიღრმისეული ანალიზი“ უნდა ჩაატაროს. საბოლოო დასკვნის დადებამდე კი მოსწავლეები სწავლას სკოლის არსებულ შენობაში განაგრძობენ.
„ორშაბათიდან ადგილზე გაძლიერებული იქნება სკოლის უსაფრთხოება. ჩაიკეტება რამდენიმე საკლასო ოთახი, ხოლო სწავლისთვის გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ოთახები. დაემატებიან მანდატურები. რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსს, რომელიც ვეკუას სკოლისთვის რემონტდება, მოსწავლეთა მისაღებად მზად იქნება 2027 წლის სექტემბერში“, - წერია შეტყობინებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მშობელმა, მარი გაბედავამ გამოაქვეყნა.
სამინისტროს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მშობლების პროტესტი. 8 ნოემბერს ვეკუას სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა მორიგი აქცია გამართეს. უკმაყოფილება გამოიწვია გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ 9 ნოემბრიდან იმავე შენობაში სწავლის გაგრძელება ვერ მოხერხდებოდა. მშობლები კატეგორიულად ითხოვდნენ, რომ არ დაშვებულიყო ონლაინ თუ ჰიბრიდული სწავლება ან მეორე ცვლაში გადაყვანა, ხოლო შენობის შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, სამინისტროს მათთვის ალტერნატიული ფართი ქალაქის ცენტრალურ უბანში, მეტროსთან ახლოს გამოეყო.
























