თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრა დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსი" წერს, ერთ-ერთი მშობლის თქმით, უწყების მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ვარიანტები იყო ჰიბრიდული სწავლება, მეორე სმენა, მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილება, ასევე, მოსწავლეების შენობის არაავარიულ ნაწილში დარჩენა, რაც მშობლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ჯერ უცნობია, რა ფორმით გააგრძელებენ სწავლას მოსწავლეები ორშაბათიდან, განათლების სამინისტროსგან კი მიიღეს დაპირება, რომ ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთება სამოქმედო გეგმა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის N42 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი, სავარაუდოდ, ჩერდება. მიზეზი ავარიული შენობა და ექსპერტიზის დასკვნაა.
“შეხვედრას სამინისტროს წარმომადგენელი ესწრებოდა, ასევე ვიყავით მშობლები, სკოლის ადმინისტრაცია, მათ შორის პედაგოგები. მათი შემოთავაზება იყო პირველი: ჰიბრიდული სწავლება, მეორე: მეორე სმენა და სხვადასხვა სკოლებში გადანაწილება, მათ შორის იყო საუბარი 51-ე საჯარო სკოლასა და ალტერნატიულ საჯარო სკოლებზე, ასევე მოსწავლეების ნაწილის ონლაინ სწავლებაზე გადაყვანა. ასევე განიხილეს მოსწავლეთა ნაწილის არაავარიულ ნაწილში დარჩენა. კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა ერთსულოვნად მშობლებისთვის ეს შემოთავაზება. ამაზე ერთსულოვნად შევთანხმდით მშობლები, გაიზიარა სამინისტროს წარმომადგენელმა ეს პოზიცია. ახლა უფრო მიდის საუბარი იმაზე, რომ მოილაპარაკებენ სამინისტროში და შემოგვთავაზებენ რაიმეს.
ორშაბათს ჩვენ არ ვიცით, ჩვენი შვილები უნდა გამოვუშვათ ამ სკოლაში თუ რა იქნება. სამინისტრო გვპირდება, რომ ამ ორი დღის განმავლობაში გამოიკვეთება, რას ვაკეთებთ. ასევე ითქვა, რომ დაიწყება ალტერნატიული ფართის მოძიება, სადაც პირველ ცვლაზე იქნება საუბარი და სრულად იქნება შესაძლებელი საკლასო ოთახებში საგაკვეთილო პროცესის ჩატარება.
სამომავლოდ საუბარია იმაზეც, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა გარემონტდეს და შემდგომი სასწავლო წლისთვის სწავლას იქ შეუდგნენ ბავშვები.
საკმაოდ რთული და მწვავე პრობლემის წინაშე ვდგავართ. ორ დღეში სასწავლო პროცესია და ჩვენი შვილები შეძლებენ თუ ვერ შეძლებენ სკოლაში დაბრუნებას, ჩვენ ეს არ ვიცით”, - აღნიშნა მშობელმა.
BMG ცდილობს, საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად განათლების სამინისტროს დაუკავშირდეს.
























