მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სასკოლო კვების პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით დეტალები 1-2 თვეში გახდება ცნობილი - ამილახვარი

კვება

“უახლოეს მომავალში ჩვენ კონკრეტულ ხედვას და გეგმას დავდებთ, თუ როგორ ვაპირებთ სასკოლო კვების მასშტაბური პროექტის დაწყებას” - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში ისაუბრა.

მინისტრის თქმით, კონკრეტული დეტალები 2 თვემდე ვადაში გახდება ცნობილი.

“საზოგადოებას მინდა დავპირდე, რომ უახლოეს პერიოდში, დაახლოებით 1-2 თვის ფარგლებში, ჩვენ უკვე შევძლებთ დეტალურად ვთქვათ, კონკრეტული მოდელებით, კონკრეტული ვადებით, რომელ სკოლებში, რომელ რეგიონებში როგორ დავიწყებთ სასკოლო კვების პროგრამას.

ეს არის წლების განმავლობაში დაგროვებული პროგრამა და მზად ვართ, ამ უდიდეს გამოწვევასაც ვუპასუხოთ”, - ამბობს ამილახვარი.

მინისტრის თქმით, საქართველოს განათლების სამინისტრო საერთაშორისო ორგანიზაცია School Meals Coalition-ს შეუერთდა და მათთან ერთად ეროვნული ვალდებულებები განსაზღვრა.

“ჩვენ გვინდოდა გაგვეთვალისწინებინა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებაც. არის ასეთი ორგანიზაცია, “კვება, ჯანმრთელობა და განათლება ყველა ბავშვისთვის - School Meals Coalition” - და მისი წევრი გახდა სამინისტრო, სადაც ჩვენ უკვე განვსაზღვრეთ ეროვნული ვალდებულებები. გავიზიარებთ ყველა წარმატებული ქვეყნის მაგალითს, გამოცდილებას, თუ როგორ დაძლიეს ეს პრობლემა”, - განაცხადა ამილახვარმა.

“სასკოლო კვების კოალიცია” გაეროს სურსათის სისტემების სამიტზე 2021 წელს შეიქმნა. მათი ვებსაიტის თანახმად, ორგანიზაციას დღემდე 97 ქვეყანა შეუერთდა, სასკოლო კვების დანერგვაში კი ქვეყნებს 124 პარტნიორი ორგანიზაცია ეხმარებათ. კოალიცია მიზნად ისახავს, 2030 წლისთვის თითოეულ ბავშვს ყველა სკოლაში ჰქონდეს საშუალება მიიღოს საკვების ჯანსაღი, სასარგებლო ულუფა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები