"ერთობის ჯაჭვს" რომელიც დედაქალაქში 7 მთავარ ხიდზე, ხოლო საქართველოს მასშტაბით დიდ ქალაქებში იმართება, ამირან გამყრელიძეც უერთდება. როგორც იმუნოლოგი "TV პირველთან" საუბარში აცხადებს, საპროტესტო აქციაზე მისი ყოფნის მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდა თაობებს ევროპული მომავალი ჰქონდეთ.
ამირან გამყრელიძე იხსენებს, რომ დღევანდელი ცოცხალი ჯაჭვი 2008 წლის 1 სექტემბრის საპროტესტო აქციას ახსენებს, როდესაც ათასობით ადამიანი აგვისტოს ომის გასაპროტესტებლად თბილისში შეიკრიბა.
"ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობიანი პროტესტი, რასაც ჩვენი მოსახლეობა გამოხატავს დღეს. ხედავთ, რა ხდება, თბილისის 7 მთავარ ხიდზე არის ერთობის ჯაჭვი, საქართველო ერთიანია ჩვენს მთავარ მიზანში, რასაც ჰქვია ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი და რა თქმა უნდა, ქვეყანა ამას არ და ვერ გადაუხვევს, ვერ დაუშვებს.
2008 წელს ეს იყო პროტესტი რუსეთის საქართველოში იარაღით შემოჭრასთან დაკავშირებით და ნამდვილი ომი, დღეს არის დაახლოებით იგივე, ანუ ჰიბრიდულად რაც ხდება ქვეყანაში და საშიშროება იმისი, რომ ჩვენი ვექტორი კვალავ შევცვალოთ, რასაც მოსახლეობა ვერ დაუშვებს. ამიტომ ვარ დღეს აქ, ეს არის ჩემი სამოქალაქო ვალდებულება, ამიტომ არიან აქ ჩემი შვილიშვილები. ჩვენ, სწორედ ჩემი, მამების თაობა ვშრომობთ იმისთვის, რომ ამ ბავშვებს, ახალგაზრდობას ჰქონდეთ ნათელი, ევროპული მომავალი. ამისთვის ვაკეთებდით და გავაკეთებთ ყველაფერს", - ამბობს ამირან გამყრელიძე.
ჯანდაცვის ექსმინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოში ასეთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო ტალღა, აქამდე, არ ყოფილა.
"ბოლო 40 წლის განმავლობაში ბევრი პროტესტი და წინააღმდეგობა გამოვიარეთ, მათ შორის უფრო მძიმეც, მაგრამ ასეთი ფართომასშტაბიანი პროტესტი არ მახსოვს. ეს იყო ძირითადად თბილისში, რუსთაველის გამზირზე ლოკალიზებული პროტესტი და დღეს ხედავთ, რომ მთელი თბილისი და ბევრი ქალაქია ამით მოცული. საქართველოს მოსახლეობა ამაში ერთიანია, რაც ჩვენ თავის დროზე კონსტიტუციურად გამოვხატეთ", - ამბობს ამირან გამყრელიძე.
15:00 საათიდან, თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში მოსახლეობის ნაწილი ცოცხალ ჯაჭვში მონაწილეობისთვის შეიკრიბა.