სლოვაკეთის მასშტაბით სამშაბათს საღამოს ათასობით მოქალაქე პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გამოვიდა - წერს Euronews-ი.
სამშაბათის დემონსტრაციები 1989 წლის "ხავერდოვანი რევოლუციის" წლისთავს დაემთხვა, რომელმაც ყოფილ ჩეხოსლოვაკიაში კომუნისტური რეჟიმი დაამხო. ოპოზიციური პარტია "პროგრესული სლოვაკეთის" ლიდერის ცნობით, ბრატისლავის ცენტრში დაახლოებით 25 000 დემონსტრანტი შეიკრიბა პლაკატებით: "გაიქეცი, ფიცო, გაიქეცი!"
დემონსტრაციები ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გაიმართა, მათ შორის აღმოსავლეთით მდებარე კოშიცესა და ცენტრალურ ქალაქ ბანსკა-ბისტრიცაში.
საპროტესტო ტალღა ერთი კვირის წინ პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში მთავრობის მიერ ინიციირებული საკვანძო ცვლილებების ჩაგდებას მოჰყვა მას შემდეგ, რაც ფიცოს კოალიციამ უმრავლესობა დაკარგა, რასაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნები მოჰყვა.
ფიცო, რომელიც ქვეყანას ორი ათწლეულის განმავლობაში უკვე მეოთხედ ხელმძღვანელობს, 2023 წელს ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ უწყვეტი საპროტესტო გამოსვლების წინაშე დგას.
ფიცო, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ახლო ურთიერთობას ინარჩუნებს, მიმდინარე ვადის განმავლობაში ევროკავშირს არაერთხელ დაუპირისპირდა.
გასულ წელს ქვეყნის პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც ეროვნულ კანონმდებლობას ევროკავშირის სამართალზე უპირატესობა მიენიჭა.
პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ პროტესტი ასევე გამოიწვია მედიასა და კულტურის სფეროზე კონტროლის დამყარების მცდელობებმა და ლგბტქ+ პირების უფლებების შეზღუდვამ.
კრიტიკოსები ასევე გმობენ მის სწრაფვას კრემლთან კავშირების გაღრმავებისკენ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად. მათ შორისაა საგარეო საქმეთა მინისტრ იურაი ბლანარის ოქტომბრის ვიზიტი მოსკოვში, სადაც რუსულ-სლოვაკური მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართა.
დემონსტრანტების კიდევ უფრო მეტი აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სლოვაკეთის მთავრობამ კაბინეტის სხდომა, სადაც ბლანარის მოსკოვში ვიზიტის შედეგები და რუსეთთან თანამშრომლობის გაღრმავება უნდა განეხილათ, ოთხშაბათიდან სამშაბათისთვის გადმოიტანა.
























