სახელმწიფო ინსპექტორის ლონდა თოლორაის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტის შემუშავება კონსპირაციული იყო. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს პარლამენტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ დაინიცირებული კანონპროექტის შესახებ საუბარისას განუცხადა.
მან განმარტა, რომ თავად ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უწყების და მასში დასაქმებული თითოეული ადამიანის უფლებები დაიცვას, ვინაიდან კანონპროექტი სამასახურის გაუქმებას და მასში დასაქმებული პროფესიონალი კადრების გათავისუფლებას ითვალისწინებს.
„არ მეგონა თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის დამოუკიდებლობისთვის გაწეული ძალისხმევის შემდეგ, სამსახურის წარმატებული საქმიანობის 2 წლის თავზე მომიწევდა საუბარი სახელმწიფო სამსახურის გაუქმებაზე.
2021 წლის 25 დეკემბერს ჩემთვის - სახელმწიფო ინსპექტორისთვის და სამსახურის თითოეული თანამშრომლისთვის მედიის საშუალებით გახდა ცნობილი, რომ საქართველოში დაინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსხურის გაუქმებას და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების შემქნას. კანონპროექტის შემუშავები პროცესი სრულიად კონსპირაციული იყო მასში მონაწილეობა არ მიუღია არც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, არც საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლებს და არც ერთი დარგის ექსპერტს.
კანონპროექტის დაინიცირების დრო დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში და ასევე სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს დაემთხვა. რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში მე ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის და მისი თითოეული თანამშრომლის დაცვას, თუმცა მე აქ ვარ და გავაკეთებ მაქსიმუმს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თითოეული თანამშრომლის ინტერესების დასაცავად.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მაღალკვალიფიციური პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდია, რომელმაც პერსონალურ მონაცემთა ზედამხედველობის შენარჩუნებისთვის მაქსიმუმი გააკეთა და ამავდროულად შეძლო დაგვენერგა სამოხელეო დანაშაულებების გამოძიების ახალი ეფექტიანი პრაქტიკა. იმის მიუხედავად, რომ ბევრი დაბრკოლება შეგვხდა, გვქონდა და გვაქვს დამოუკიდებლობის არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს არასაკმარისი და არაქმედითი საკანონმდებლო ბერკეტები, არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსები, გვქონდა და გვაქვს უწყებების მხრიდან თანამშრომლობის პრობლემა, სამსახურის გუნდმა კეთილსინდისიერი მუშაობით დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება და საზოგადოების ნდობის მოპოვება შეძლო“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
მან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განვლილი საქმიანობა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ უწყების გაუქმების შესახებ კანონპროექტი არ ითვალისწინებს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.
„ასეთი მეთოდებით არ მომხდარა არცერთი სამსახურის გაუქმება და გარდაქმნა, მით უფრო დამოუკიდებელი ინსტიტუტების და არჩევითი თანამდებობის ვადაზე ადრე გაუქმება. სამსახურში 100-ზე მეტი ღირსეული თანამშრომელი მუშაობს. კანონის მიღებით შენიღბული უსამართლობა არ შეიძლება გახდეს ამ ადამიანების სამსახურის გაუქმების საფუძველი. მივმართავ საქართველოს პარლამენტს შეწყვიტონ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის გაუქმების პროცესი; განიხილოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონპროექტი, რომელიც 2 წელია განუხილველად დევს პარლამენტში; დააინიციროს და განიხილოს ის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 24 დეკემბერს წარადგინა საქართველოს პარლამენტში, ვინაიდან ეს ორი კანონპროექტი ნამდვილად ემსახურება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტის ამაღლებას და მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებას. ვთხოვ, საერთაშორისო საზოგადოებას და სამოქალაქო სექტორს, სახალხო დამცველს და საზოგადოების თითოეულ წევრს სადღესასწაულო დღეების მიუხედავად, ჩაერთონ განხილვის პროცესში, რადგან საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტის გაუქმებას, რომელიც ორიენტირებული იყო ადამიანების უფლებების დაცვაზე“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.