ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკა ალავიძე BMGtv-ის გადაცემაში "ანალიტიკა" ამბობს, რომ პროკურატურის მიერ 700 მილიონი აშშ დოლარის გათეთრების საქმეზე შემოთავაზებული ვერსიით, ერთადერთი გზა - ეს ფული საქართველოში მოხვედრილიყო - ტელეპორტაციაა, რაც მისივე თმით, "ამ დრომდე კარგად არ მუშაობს".
ალავიძე დეტალურად ჰყვება ნაბიჯებს, რომელიც ძალოვანი სტრუქტურის ვერსიაში არ ჩანს.
"ჩვენ გვესმის, რომ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაგრები ვართ, ინფლაცია ისტორიულ მინიმუმზეა. ამბობენ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი საზეპურო ერი, რომელიც გავბრწყინდით უკვე და უბრალოდ იმდენად გავბრწყინდით, რომ ცოტა თვალებში დაგვიბნელდა.
ამ ნარატივის პასუხად უცბად აღმოჩნდა, რაღაც გაუგებარი, ვიღაცა, საწყალი ტიპი, [კახა კოტორაშვილი] იმიტომ რომ განტევების სუპერ ვაცი აღმოჩნდა. ამბობენ, რომ მან მოახერხა 2 თუ 3 წლის განმავლობაში, თითქმის 2 მილიარდი ლარის შემოტანა. თან ფიზიკური ქეში შემოიტანა, ასე ატარებდა და უცბად გაათეთრა, გარეცხა რა. მართლა სარეცხის მანქანაში გარეცხვაზე ხომ არ ვსაუბრობთ? ეს არის ეკონომიკური პროცესი, როცა უკანონოდ მიღებული შემოსავლის ლეგალიზება ხდება. ამისთვის არის ძალიან რთული პროცედურები, განსაკუთრებით ბოლო 20 წლის განმავლობაში, ძალიან გართულებულია და ყოველ წელს რთულდება საბანკო სფერო, რეგულირდება ბაზელის, მეთოდოლოგიით, ცალკე AMC/CFT და ა.შ. ამიტომ ასეთი მარტივიც არ არის.
დავანებოთ თავი იმას, რომ შემოთავაზებული ვერსიით, ფიზიკურად ეს ფული ტელეპორტაციით მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე. ანუ საბაჟო არ გამოუვლია იმიტომ, რომ ჩვენი საბაჟო ხომ ძალიან მაგარია და სუპერ მაგრად მუშაობენ? ტელეპორტაციით მოხვდა ქვეყანაში [700 მლნ]. არადა, ტელეპორტაცია ვიცით, რომ ჯერჯერობით კარგად არ მუშაობს", - ამბობს ნიკა ალავიძე.
მისივე განმარტებით, პროცედურა, რომელიც რუბლის გადარიცხვას ეხება, იმდენად რთულია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია, სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ვერსია იყოს მართალი.
"მე ბიზნესშიც ვარ ჩართული და თან მიწევს ასეთ პროდუქტთან შეხება, სადაც ძალიან ბევრი საერთაშორისო სანქცია მოქმედებს, როცა იმ ცხელ ქვეყანასთანაც [რუსეთთან] ვიწყებ შეხებას, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს და ეს ისეთი საქონელია, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის აუცილებელია და ამ ნაწილში, სანამ სისხლის ანალიზს არ ჩავაბარებთ და კიდევ სხვა ანალიზებს დეტალურად, ისე არაფერი არ ხდება. აი ძალიან, ძალიან ჩაკირკიტებულია ეს ყველაფერი, ამიტომ ეს [შემოთავაზებული ვერსია] თეორიულადაც შეუძლებელია ასეთი რაღაც რომ მომხდარიყო", - ამბობს ალავიძე.
შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურის თანახმად, გამოვლენილია 2022-2024 წლებში 624 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი და ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ჯიხურის მფლობელი კახა კოტორაშვილი.
პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა მის საკუთრებაში არსებული, ეროვნული ბანკის მიერ ნებადართული ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საქმიანობის საფარქვეშ, “ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა განზრახ იგნორირებით, მოაწყო დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხის შეკრების, კონვერტაციის გზით წარმოშობის შეცვლის და ლეგალურ მიმოქცევაში განთავსების უკანონო ქსელი.



























