მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასეულობით შეტყობინება მივიღეთ, მათგან აბსოლუტური უმრავლესობა ავტომობილებს ეხება - "არდი"

არდი

სადაზღვევო კომპანია "არდის" გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე სეტყვისგან მიყენებული ზარალის დათვლა მიმდინარეობს. როგორც მან BMG-ის უთხრა, ზარალის ზუსტი მოცულობის შესახებ რამდენიმე დღეში ეცოდინებათ, თუმცა ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც აქვთ უმეტესად მანქანებია დაზიანებული.

„შემთხვევათა აბსოლუტური უმეტესობა, ავტომობილებს ეხება. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ასეულობით შეტყობინებაა მიღებული. ახლა ცხადია, ეს შეტყობინებები მუშავდება. ძალიან აქტიურად ვმუშაობდით, პრაქტიკულად საგანგებო რეჟიმი გვქონდა, რომ ყველა დაზღვეულთან გვქონოდა კონტაქტი. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს და გარკვეული ზარალების შესახებ შეტყობინებები ახლაც შემოდის.

განსაკუთრებით ორგანიზაციები რეკავდნენ შედარებით გვიან ალბათ იმიტომ, რომ შაბათ-კვირას დასვენება იყო. ოფისებში დაბრუნებულებმა ნახეს, რომ ვიღაცას ავტოპარკი თავის ავტოსადგომზე ჰყავდა გაჩერებული ან სხვა რამ მოხდა, ასე რომ გვიან გაიგეს.

მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივ ხაზზე ვართ, მუშაობა ჩვეულებრივად მიდის და აქტიურ რეჟიმში ვართ. ვადებში ჩავეტევით და ყველაფერი ჩვეულებრივ რეჟიმში იქნება, თუმცა მოცულობა ცხადია, ძალიან დიდია.

ჩვენი კომპანიის შემთხვევაში ზარალის შეფასებას ძალიან ჩქარა ვაკეთებთ, მაგრამ შეიძლება ახლა ოდნავ მეტი დრო წაიღოს. კონტრაქტით გათვალისწინებულია ხოლმე რამდენიმე დღეში გაკეთება, თუმცა ჩვენ 24 საათში ვაკეთებთ ხოლმე. ახლა შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს, თუმცა კონტრაქტის ვადებში მაინც ჩავჯდებით და ყველაფერი, მეტ-ნაკლებად, ძალიან სწრაფად იქნება. ცხადია, 24 საათში არ მგონია, რადგან ფიზიკურად შემფასებელი ცენტრებიც გადავსებულია.

კონკრეტულ ზარალს, მის ოდენობას, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ახლა ეს ძალიან ძნელია. ამ დროს არის ზარალები, რომლებზეც უბრალოდ გაკეთებულია შეტყობინება, რათა თადარიგი დაიჭირონ და არის ზარალები, სადაც რეალური ზიანია. ასე რომ ჯერ უნდა მოხდეს გარჩევა რეალურ ზიანსა და უბრალოდ შეტყობინებას შორის, ეს ყველაფერი უნდა გაიფილტროს და ამის შემდეგ უკვე შეფასდება რეალობა", - აცხადებს ჯაფარიძე.

20 ივნისს, თბილისში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად გამოწვეულ ზარალზე სხვა სადაზღვევო კომპანიებმაც განაცხადეს, მათ შორის "ალდაგმაც". კომპანიის ინფორმაციით, სეტყვამ ძირითადად ავტომობილები დააზიანა, ზიანი მოიცავს, როგორც საცალო, ისე კორპორაციულ ავტომობილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები