სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების ზრდა ძირითადად საცალო მიმართულების გააქტიურებას უკავშირდება.
როგორც BMG-სთან „არდის“ გენერალური დირექტორი აცხადებს, ამ სეგმენტის გააქტიურება თავის მხრივ, მიმდინარე წლის იანვრიდან უცხოელებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებითაა განპირობებული.
მიხეილ ჯაფარიძის თქმით, ქვეყანაში შედარებით გრძელვადიანად მყოფმა არარეზიდენტებმა ტრადიციული სამოგზაურო დაზღვევის ნაცვლად, ინდივიდუალური სამედიცინო პოლისები შეიძინეს.
სადაზღვევო კომპანიებში აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევაში ზრდა ძირითადად საცალო მიმართულების გააქტიურებას უკავშირდება, რაც თავის მხრივ, მიმდინარე წლის იანვრიდან უცხოელებისთვის სავალდებულო დაზღვევის ამოქმედებითაა განპირობებული. კერძოდ, სადაზღვევო კომპანიებში განმარტავენ, რომ ქვეყანაში შედარებით გრძელვადიანად მყოფმა არარეზიდენტებმა ტრადიციული სამოგზაურო დაზღვევის ნაცვლად ინდივიდუალური სამედიცინო პოლისები შეიძინეს.
„ბაზრის ზრდის ძირითადი მოტივატორი არის სამედიცინო დაზღვევა და კონკრეტულად საცალო მიმართულება, რომელიც ძირითადად გამოწვეულია სავალდებულო დაზღვევის სახეობით, რომელიც იანვრიდან ამოქმედდა. ადამიანები [არარეზიდენტები], რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ შედარებით გრძელვადიანი დროით, მათ უკვე იყიდეს არა სამოგზაურო დაზღვევა, არამედ სამედიცინო დაზღვევა. რადგან ჩათვალეს, რომ ჩვეულებრივი სამედიცინო პაკეტის ყიდვა მათთვის უფრო ხელსაყრელია. ამიტომ ამან ბაზარზე ასახვა ჰპოვა და პირველი კვარტალის მონაცემებით, ჯანმრთელობის დაზღვევის საცალო მიმართულებას წელს 21 000 კაცი დაემატა”, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.
ამასთან, “არდიში” განმარტავენ, რომ უცხოელი ვიზიტორებისთვის სავალდებულო დაზღვევა არ მოითხოვს მხოლოდ ქართული კომპანიების პოლისების შეძენას და დაშვებულია სხვა ქვეყნების დაზღვევაც.
“ქართული პოლისები რომ ყოფილიყო მხოლოდ სავალდებულო, ქართულ სადაზღვევო კომპანიებს დაემატებოდათ დაახლოებით 100 მილიონი ლარის შემოსავალი წლიურად. წლევანდელი გათვლით, რადგან სხვა ქვეყნის პოლისებიცაა დაშვებული და შედარებით ნაკლებია აღსრულება, როგორც უნდა მოითხოვებოდეს, ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 30 მილიონი ლარი იქნება მისი ეფექტი”, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, 2026 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისების რაოდენობა 811 684-მდე გაიზარდა. 2025 წელთან შედარებით, სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის მქონე პოლისების რიცხვი 5%-ით არის გაზრდილი.




























