მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშენებული სადგურების ქსელთან მიერთების ვადები გაჭიანურებულია - ნანა მაღრაძე

ნანა მაღრაძე

HELIOS ENERGY-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი, ნანა მაღრაძე ამბობს, რომ კერძო სექტორისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია განჭვრეტადი და მკაფიო რეგულაციების არსებობა. მან "ანალიტიკას" ეთერში სექტორისთვის მთავარ გამოწვევად ბიუროკრატიული ბარიერები და ვადების გაჭიანურება დაასახელა. ნანა მაღრაძის ინფორმაციით, უკვე აშენებული და გამართული სადგურების ქსელთან მიერთება ყოვნდება.

"ცხადია, კერძო სექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია განჭვრეტადი და ცხადი რეგულაციები და ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან ინდუსტრიის განვითარების თვალსაზრისით. დღეს უკვე აქცენტი აღარ დგას კერძო სექტორში სიმძლავრეების, სადგურების რაოდენობის თვალსაზრისით - ახლა უკვე ტენდენცია აქცენტირებულია ნათელ რეგულაციებზე და ამავე დროს, თუნდაც ბიუროკრატიულ გამოწვევებზე, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ვაწყდებით - ის, რომ მზად არის სადგური, გამართულია, მონტაჟი დასრულებულია და ქსელთან მიერთების ვადები, ცოტა არ იყოს, გაჭიანურებულია. უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორისთვის ამ გამოწვევების დაძლევა. შესაბამისად, ვისურვებდით, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან კომუნიკაცია, კოორდინაცია უფრო მოქნილი იყოს და რეალურ ვადებზე დაყრდნობილი და არა ისე გაჭიანურებული, როგორც ამას ჩვენს სექტორში არსებული ბიზნესი ხედავს",- ამბობს ნანა მაღრაძე.

ამასთან, მან ინვესტორებისთვის სტაბილურობის განცდის შექმნის კონტექსტში სახელმწიფოსა და კერძო სექტორის დიალოგის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. ნანა მაღრაძე კიდევ ერთ გამოწვევად კვალიფიციური კადრების დეფიციტს ასახელებს.

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დიალოგს - ეს იქნება კერძო სექტორი, სახელმწიფო უწყებები თუ საერთაშორისო პარტნიორები და ამ მიმართულებით ზოგადად დარგის განვითარებაზე ზრუნვა და ხელშეწყობა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ სახელმწიფოს როლი ძალიან დიდია.

ნამდვილად ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს განახლებადი ენერგიის ყველა მიმართულებით, იქნება ეს მზე, ქარი თუ ჰიდრორესურსები. ამას უნდა ხელშეწყობა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეფექტურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს და ასევე კადრებს. ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლების, კერძო სექტორისა და პროფესიული გადამზადების ცენტრების თანამშრომლობა საჭიროა, რომ ბაზარზე იყოს კვალიფიციური კადრი",- თქვა ნანა მაღრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები