მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ ₾3.2 მილიარდს გადააჭარბა - წლიური ზრდა 26%-ია

სულხან პაპაშვილი ქარის ელექტროსადგური

ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტებამ 2026 წლის ოქტომბრის (10 თვის) მდგომარეობით 3.24 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 661 მილიონი ლარით არის გაზრდილი. პროცენტულად კი დაკრედიტების ზრდა 26%-ია.

ამ მაჩვენებლით ენერგეტიკის სექტორმა დარგებს შორის კვლავ მეხუთე ადგილი დაიკავა, რითაც ვაჭრობისა და ტურიზმის სექტორებს გადაასწრო. ამასთან, ენერგეტიკის სექტორის დაკრედიტების ზრდის ტემპი მთლიანად ბიზნესის დაკრედიტების ზრდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება, რაც 12%-ს შეადგენს.

ენერგეტიკის სექტორში დაკრედიტების მატება დაკავშირებულია როგორც მცირე ჰესების პროექტების დაკრედიტებასთან, ასევე საქართველოში უკანასკნელ პერიოდში გააქტიურებულ ქარის და მზის ელექტროსადგურების პროექტებთან.

ამასთან, როგორც სების სტატისტიკიდან ირკვევა, ენერგეტიკის სექტორი ვადაგადაცილების განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა - 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ენერგეტიკაზე გაცემული 3.24 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელიდან 91 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულია მხოლოდ 0.81 მლნ ლარის სესხები, რაც პორტფელის 0.03%-ს შეადგენს. შედარებისთვის, მთლიანად ბიზნესსესხებში (კორპორატიული, მცირე და საშუალო და მიკრო სეგმენტები) ვადაგადაცილება 2.11%-ია, რაც 70-ჯერ მეტია, ვიდრე უშუალოდ ენერგეტიკის სექტორის ვადაგადაცილებული კრედიტების წილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები