მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის ვენეციის კომისიას ტოვებს - ტრამპმა მემორანდუმს ხელი მოაწერა

დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატები 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს. შესაბამის საპრეზიდენტო მემორანდუმს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა. დოკუმენტი ითვალისწინებს იმ ორგანიზაციების დატოვებას, „რომლებიც ამერიკელების ინტერესებს აღარ ემსახურება“, მათ შორის გაეროს ეგიდით მოქმედ 31 ორგანიზაციას.

მემორანდუმის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ ქსელში გაავრცელა. მისი განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა დატოვოს „66 ანტიამერიკული, უსარგებლო ან მფლანგველური საერთაშორისო ორგანიზაცია“.

„ეს გასვლები ასრულებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკელებისთვის მიცემულ მთავარ დაპირებას ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტი ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის ამერიკას და ამერიკელებს პირველ ადგილზე დააყენებს“, - წერს რუბიო.

აშშ ასევე ტოვებს ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს, ვენეციის კომისიას. რუბიოს განცხადებით, განხილვა გრძელდება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც.

სახელმწიფო მდივნის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის ორგანიზაციები, რომელთა დატოვებასაც შეერთებული შტატები გეგმავს, აქტიურად ცდილობენ ამერიკის სუვერენიტეტის შეზღუდვას.

„მათ საქმიანობას ხელს უწყობს იგივე ელიტური ქსელები მრავალმხრივი ‘არასამთავრობო ორგანიზაციები’, რომელთა დაშლაც USAID-ის დახურვით დავიწყეთ“, - აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.

თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული მემორანდუმის თანახმად, 66 ორგანიზაციიდან 31 გაეროს სისტემაში შემავალი სტრუქტურაა, ხოლო 35 გაეროს გარეთ მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაცია.

მემორანდუმის მიხედვით, აშშ ტოვებს, მათ შორის, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას, გარემოსდაცვითი თანამშრომლობის კომისიას, ონლაინ სივრცის თავისუფლების კოალიციას, გლობალური საზოგადოების ჩართულობისა და მდგრადობის ფონდს, გლობალურ კონტრტერორიზმის ფორუმს, მიგრაციისა და განვითარების გლობალურ ფორუმს, კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო პანელს, საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმს, დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტს, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საერთაშორისო ინსტიტუტს, რეგიონული თანამშრომლობის საბჭოს, უკრაინაში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრს.

რაც შეეხება გაეროს ეგიდით მოქმედ ორგანიზაციებს, შეერთებული შტატები ტოვებს გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს, საერთაშორისო სამართლის კომისიას, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრს, მშვიდობის მშენებლობის ფონდს, დემოკრატიის ფონდს და მოსახლეობის ფონდს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები