ჩრდილოეთ კაროლინაში გამართულ G20-ის ფინანსთა მინისტრების შეხვედრას რუსეთის ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი დაესწრო. როგორც ირკვევა, 2022 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსული მხარე მინისტერიალზე დაუშვეს.
ვიზიტის ფარგლებში რუსმა მაღალჩინოსანმა აშშ-ის ხაზინის მდივან სკოტ ბესენტთან ორმხრივი შეხვედრა გამართა. Reuters-ის ცნობით, მხარეებმა დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა განიხილეს, თუმცა ბესენტმა რუსეთისთვის ეკონომიკური შეღავათების დაწესება ომის დასრულებამდე გამორიცხა.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა კუშ დესაიმ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ სილუანოვის მიწვევა გაამართლა და განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება მსგავსი ნაბიჯებით მიზნად სისხლის ღვრის შეჩერებას ისახავს და მოლაპარაკებებს ყველა საჭირო მხარესთან მომავალშიც აწარმოებს. რუსი მინისტრის მიწვევის თაობაზე კომენტარი აშშ-ის პრეზიდენტმაც გააჟღერა. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ყველასთან საერთო ენის გამონახვა სურს და რომ საკუთარ წარმატებას სწორედ ამ მიდგომას უკავშირებს.
ვაშინგტონის გადაწყვეტილებამ ევროპელ მაღალჩინოსნებში მკაფიო უკმაყოფილება გამოიწვია. ევროპელმა მინისტრებმა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებმა სილუანოვთან ერთად ტრადიციული საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი განაცხადეს. გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბაილმა მოსკოვის დაბრუნებას "შემაშფოთებელი სიგნალი" უწოდა და აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს. პოლონეთის ფინანსთა მინისტრმა ანდჟეი დომანსკიმ კი რუსეთთან ნდობის არარსებობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აგრესორ ქვეყანასთან დიალოგი უკიდურეს სიფრთხილეს მოითხოვს.
ცნობისთვის, ანტონ სილუანოვი რუსეთის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. ბოლოს ის 2022 წლის აპრილში დაესწრო ღონისძიებას, თუმცა ვაშინგტონში გამართული G20-ის შეხვედრის დროს მის ონლაინ ჩართვას დასავლელი ლიდერების მხრიდან დარბაზის პროტესტის ნიშნად დატოვება მოჰყვა.




























