მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ არაბული ავიაბაზის დასაცავად უკრაინულ ტექნოლოგიას იყენებს

sky map

ამერიკულმა სამხედრო უწყებამ საუდის არაბეთში მდებარე პრინც სულთანის ავიაბაზაზე უკრაინული დრონების საწინააღმდეგო პლატფორმა Sky Map-ი განათავსა.

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ბაზაზე სპეციალურად ჩავიდნენ, რათა ამერიკელი კოლეგებისთვის Sky Map-ის მართვის ინსტრუქტაჟი ჩაეტარებინათ. ეს სისტემა ირანული წარმოების Shahed-ის ტიპის დრონების აღმოჩენისა და განეიტრალების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიანად ითვლება.

ანალიტიკოსების შეფასებით, პენტაგონის მიერ უკრაინული ტექნოლოგიის გამოყენება აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემაში არსებულ გარკვეულ ხარვეზებზე მიუთითებს. Sky Map-ი, რომელიც კომპანია Sky Fortress-მა 2022 წელს შექმნა, რადარებისა და სენსორების მონაცემებს აერთიანებს და შემოსული საფრთხეების შესახებ ერთიან სურათს ქმნის.

უკრაინული მხარის ჩართულობა განსაკუთრებულ ყურადღებას დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე იქცევს. სულ რაღაც ერთი თვის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკის შეთავაზებაზე, რომელიც ირანული დრონების წინააღმდეგ დახმარებას გულისხმობდა, უარი განაცხადა.

დონალდ ტრამპმა მაშინ აღნიშნა, რომ ამერიკას დრონებისგან თავდაცვის სფეროში სხვისი დახმარება არ სჭირდება. მიუხედავად ამისა, პრინც სულთანის ბაზაზე განხორციელებულმა შეტევებმა, რომელთა დროსაც E-3 AWACS-ის ტიპის რადარი და KC-135-ის საწვავგამმართველი თვითმფრინავები დაზიანდა, ტექნოლოგიური გაძლიერების საჭიროება დღის წესრიგში დააყენა. ამჟამად ობიექტის უსაფრთხოებაზე Northrop Grumman-ის FAAD-ის სისტემა და RTX-ის მიერ წარმოებული Coyote-ს ტიპის სისტემებიც ზრუნავენ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული ინოვაციების ქვედანაყოფის, Brave1-ის მხარდაჭერით შექმნილი Sky Map-ი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე განთავსებულ 10,000-ზე მეტ აკუსტიკურ სენსორს აკონტროლებს. სისტემამ რეალურ საბრძოლო პირობებში ეფექტიანობა რუსეთთან ომის პერიოდში ათასჯერ დაამტკიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები